1. ადგა დილით იერობაალი, იგივე გედეონი, აგრეთვე მასთან მყოფი მთელი ხალხი, და ქაროდის ხევში დაბანაკდა. მიდიანის ბანაკი მისგან ჩრდილოეთით იყო, მორეს ბორცვთან, ვაკეზე.
2. უთხრა უფალმა გედეონს: ძალზე ბევრი ხალხი გვყავს. არ ჩავაგდებ ამათ ხელში მიდიანს, რომ არ გამიდიდგულდეს ისრაელი, არ თქვას, ჩემმა ხელმა მიხსნაო.
3. ამიტომ გამოუცხადე ხალხს და უთხარი: ვინც შეშინებულია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს, წავიდეს გალაადის მთიდან. ოცდაორი ათასი კაცი უკან გაბრუნდა, ხოლო ათი ათასი დარჩა.
4. უთხრა უფალმა გედეონს: მაინც ბევრია ხალხი. წყალზე ჩაიყვანე და იქ გამოგირჩევ მათ. ვისზეც გეტყვი, გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს, ვისზეც გეტყვი, ნუ გამოგყვება-მეთქი, ნუ გამოგყვება.
5. ჩაიყვანა მან ხალხი წყალზე. უთხრა უფალმა გედეონს: ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ, ცალკე დააყენე, აგრეთვე ისინიც, ვინც ჩაიმუხლებს და ისე დალევს.
6. ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი იყო, დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა და ისე დალია წყალი.
7. უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით და ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს, დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს.
8. გამოართვეს ხალხს საგზალი და ბუკები. ყველა ისრაელიანი თავ-თავის კარავში გაისტუმრა გედეონმა, მხოლოდ სამასი კაცი დაიტოვა. მიდიანის ბანაკი მის ქვემოთ იყო, ვაკეზე.
9. უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: ადექი და დაეცი ბანაკს.
10. თუ მარტო ჩასვლის გეშინია, მაშინ შენს მსახურ ფურასთან ერთად ჩადი ბანაკში.
11. მოისმენ, რასაც იტყვიან, გული მოგეცემა, დაეცემი ბანაკს. ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურა იქ, სადაც ბანაკში მყოფი შეიარაღებული ხალხი იდგა.
12. მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები ვაკეზე იყვნენ დაბანაკებულნი, კალიასავით ურიცხვნი. თვლა არ ჰქონდა მათ აქლემებს. იმდენი იყვნენ, როგორც ზღვაში ქვიშა.
13. მივიდა გედეონი და, აჰა, ერთი მათგანი სიზმარს უყვება მეორეს და ამბობს: მესიზმრა, ვითომ ქერის პურის კოკორი დაგორავდა მიდიანის ბანაკში, კარავთან მიგორდა, დაეჯახა და დასცა, და დაემხო კარავი.
14. მეორე გამოეპასუხა: ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა გედეონის მახვილი, იოაშის ძისა, ისრაელიანისა. მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი.
15. როცა გედეონმა ეს სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელიანთა ბანაკში და თქვა: ადექით, ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანის ბანაკი.
16. დაჰყო სამასი კაცი სამ რაზმად. ხელთ ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში ანთებული კვარები ჩააწყობინა.
17. უთხრა: მიყურეთ და თქვენც იგივე აკეთეთ. აჰა, დავიძრები ბანაკისაკენ და რასაც მე ვიზამ, თქვენც იგივე ჰქენით.
18. როცა ბუკებს დავკრავთ მე და ჩემთან მყოფნი, თქვენც ბუკებს დაჰკარით მთელი ბანაკის ირგვლივ და იყვირეთ. უფლისთვის და გედეონისთვის!
19. მივიდა ბანაკთან გედეონი და მასთან მყოფი ასი კაცი, როცა შუა სახმილავი იწყებოდა და გუშაგები იცვლებოდნენ. ასტეხეს ბუკისცემა და დაამსხვრიეს დოქები, ხელში რომ ეჭირათ.
20. ბუკსა ჰკრა სამივე რაზმმა და დაამსხვრია დოქები. მარცხენა ხელში კვარები ეჭირათ, მარჯვენაში - ბუკები. ახმიანებდნენ და გაჰყვიროდნენ: მახვილები უფლისთვის და გედეონისთვის!
21. ყველა თავ-თავის ადგილას იდგა ბანაკის გარშემო. აიშალა მთელი ბანაკი, ღრიალებდნენ და აქეთ-იქით აწყდებოდნენ.
22. ვიდრე სამასი კაცი ბუკებს სცემდა, უფალმა ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი მთელ ბანაკს. უკუიქცა ლაშქარი ბეთშიტამდე, ცერარის მხრისკენ, და აბელმექოლის საზღვრებამდე, ტაბათს იქით.
23. გამოვიდნენ დაძახილზე ისრაელიანები ნაფთალიდან, აშერიდან, მთელი მენაშედან და დაედევნენ მიდიანს.
24. კაცები დაგზავნა გედეონმა ეფრემის მთაში და შეუთვალა: ჩამოდით, წინ დაუხვდით მიდიანს, ბეთბარამდე გადაუჭერით ფონები და იორდანე. გამოვიდა მთელი ეფრემი მის დაძახილზე და ბეთბარამდე გადაუჭრეს ფონები და იორდანე.
25. შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი, ყორები და ზეები. ყორები ყორების კლდეზე მოკლეს, ზეები ზეების ხევში და დაედევნენ მიდიანს. ყორებისა და ზეების თავები კი გედეონთან მოიტანეს იორდანეს გაღმიდან.