ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მერვე

1. უთხრეს მას ეფრემიანებმა: რას გვერჩოდი, რატომ ჩვენც არ გვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი? და მაგარი ჩხუბი აუტეხეს.

2. გედეონმა მიუგო: მე რა გამიკეთებია თქვენი ფასი? ეფრემის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?

3. ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები ყორები და ზეები. მე სად შემეძლო გამეკეთებინა თქვენდენი? მაშინ კი მოუბრუნდათ გული მასზე, როცა ეს სიტყვები უთხრა.

4. მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა, მან და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა, დევნით დაღლილმა.

5. უთხრა მან სუქოთელებს: დამიპურეთ ჩემთან მყოფი ხალხი, რადგან დაღლილი არიან. არადა, მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებასს და ცალმუნაყს.

6. უთხრეს სუქოთის თავკაცებმა: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გყვანან, რომ ჯარი დაგიპუროთ?

7. გედეონმა მიუგო: კეთილი. როცა ღმერთი ხელში ჩამაგდებინებს ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ნარეკლით დაგაფლეთთ ხორცს.

8. იქიდან ფენუელში მივიდა და იქაურებსაც იგივე სთხოვა, მაგრამ მათაც ისევე გამოისტუმრეს, როგორც სუქოთელებმა.

9. ფენუელებსაც იგივე უთხრა: როცა მშვიდობით დავბრუნდები, დავანგრევ ამ გოდოლს.

10. ზებახი და ცალმუნაყი კარკორში იდგნენ თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტ ათასამდე კაცით, კედემიანთა ლაშქრიდან რაც გადარჩა, დაღუპვით კი ასოცი ათასი კაცი დაიღუპა, მახვილის შემბმელი.

11. გედეონმა აღმოსავლეთიდან შემოუარა ნობახს და იოგბეჰას კარვებში მცხოვრებთა გზით და იმ დროს დაეცა ბანაკს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.

12. გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი. დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიცა და ცალმუნაყიც, ხოლო მათი ლაშქარი გაფანტა.

13. გედეონ იოაშის ძე უკან გამობრუნდა ბრძოლის შემდეგ ქერესის ზეგნიდან.

14. შეიპყრო ერთი ჭაბუკი სუქოთელი, გამოჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი თავკაცისა და უხუცესის სახელი.

15. მივიდა სუქოთელებთან და უთხრა: აჰა, ზებახი და ცალმუნაყი! ამათ გამო იყო, რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გვყვანან, დაღლილი ხალხი რომ დაგიპუროთო?

16. მოიყვანა ქალაქის უხუცესები, მოიტანა უდაბნოს ნარ-ეკალი და იმით დასაჯა სუქოთელები.

17. ფანუელის გოდოლიც დაანგრია და დახოცა იმ ქალაქის მკვიდრნი.

18. უთხრა ზებახს და ცალმუნაყს: რანაირები იყვნენ ისინი, თქვენ რომ ხალხი დახოცეთ თაბორში? მათ მიუგეს: შენნაირები იყვნენ, ყველანი მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით.

19. გედეონმა უთხრა: ჩემი ძმები იყვნენ ისინი, ჩემი დედის შვილები. უფალს გეფიცებით, ისინი რომ ცოცხალი დაგეტოვებინათ, არც თქვენ დაგხოცავდით.

20. უბრძანა იეთერს, თავის პირმშოს: ადექი და დახოცე ესენი! მაგრამ ბიჭმა ვერ გაბედა მახვილის ამოღება, რადგან ჯერ ყმაწვილი იყო.

21. უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: ადექი და შენ თვითონ დაგვხოცე, რადგან სხვა არის ვაჟკაცის ღონე. ადგა გედეონი, დახოცა ზებახი და ცალმუნაყი და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარმთვარეები მათ აქლემებს.

22. უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: იბატონე ჩვენზე შენც, შენმა შვილმაც და შენმა შვილთაშვილმაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანის ხელთაგან.

23. გედეონმა უთხრა: მე ვერ ვიბატონებ თქვენზე და ვერც ჩემი შვილი იბატონებს თქვენზე, უფალმა იბატონოს თქვენზე!

24. უთხრა მათ გედეონმა: ოღონდ ერთსა გთხოვთ, ყველამ თითო საყურე მომეცით თქვენი დავლიდან. რადგან ოქროს საყურეებს ატარებდნენ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.

25. მათ უთხრეს: მოგცემთ. გაშალა წამოსასხამი და ყველამ თითო საყურე დააგდო ზედ თავისი დავლიდან.

26. ათას შვიდას შეკელს იწონიდა გამოთხოვილი ოქროს საყურეები. მიდიანის მეფეებისათვის ართმეული ნახევარმთვარეები, ბალთები და ძოწეული, მათი აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ძეწკვები კიდევ სხვა იყო.

27. ამათგან ეფოდი გააკეთა გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. უზნეობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლს.

28. დაემორჩილა მიდიანი ისრაელიანებს, თავი აღარ წამოუწევია მას მერე და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლეში.

29. წავიდა იერუბაალი, იოაშის ძე, და ცხოვრობდა თავის სახლში.

30. სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ესვა.

31. შექემელი ხარჭისგანაც შეეძინა ვაჟი და დაარქვა აბიმელექი.

32. მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიმარხა მამამისის, იოაშის სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში.

33. გედეონის სიკვდილის შემდეგ უზნეობდნენ ისრაელიანები ბაალის კვალზე და ღმერთად დაისახეს ბაალბერითი.

34. აღარ გაიხსენეს ისრაელიანებმა უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან.

35. არც იერუბაალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.