ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მეცხრე

1. მივიდა აბიმელექ იერუბაალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, უთხრა მათ და თავისი დედის მთელს საგვარეულოს.

2. სათითაოდ უთხარით ყველა შექემელს: რა გირჩევნიათ, იერუბაალის შვილები, სამოცდაათივე კაცი იყოს თქვენი ხელისუფალი, თუ მე, ერთი კაცი, გყავდეთ ხელისუფლად? გახსოვდეთ ძვალი და ხორცი ვარ თქვენი.

3. დედის ძმები სათითაოდ ელაპარაკნენ მასზე შექემელებს და გადაიხარა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ძმა არის ჩვენი.

4. მისცეს ბაალ-ბერითის სახლიდან სამოცდაათი ვერცხლი. დაიქირავა ამით უღირსი და თავზეხელაღებული ხალხი, რომელიც გაჰყვა მას.

5. მივიდა ოფრაში, მამის სახლში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაალის შვილები - სამოცდაათი კაცი. მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი გადარჩა, რადგან დამალული იყო.

6. მოიყარა თავი ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, მივიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან, შექემში რომ დგას.

7. შეატყობინეს იოთამს და ისიც წავიდა, გადმოდგა გარიზიმის მთაზე და ხმამაღლა გადმოსძახა მათ: მისმინეთ, შექემელებო, აგრემც ღმერთი მოგისმენთ.

8. გადაწყვიტეს ერთხელ ხეებმა, მეფე აერჩიათ. უთხრეს ზეთისხილს: გახდი ჩვენი მეფე.

9. ზეთისხილმა უთხრა: დავთმო სიმსუყე, ჩემში რომ არის, ღმერთთაგან და კაცთაგან პატივდებული, და ხეებს გადავყვე?

10. უთხრეს ხეებმა ლეღვს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.

11. ლეღვმა უთხრა: დავთმო ჩემი სიტკბო, ჩემი კარგი ნაყოფი და ხეებს გადავყვე?

12. უთხრეს ხეებმა ვაზს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.

13. ვაზმა უთხრა: დავთმო ჩემი წვენი, ღმერთთათვის და კაცთათვის შვების მომგვრელი, და ხეებს გადავყვე?

14. ბოლოს უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.

15. უთხრა კვრინჩხმა ხეებს: თუ მართლა გინდათ თქვენი მეფე გავხდე, ჩემს ჩრდილს შემოეფარეთ. არადა, ამოვარდება კვრინჩხიდან ცეცხლი და შთანთქავს ლიბანის ნაძვებს.

16. აბა, დაფიქრდით, სწორად და პატიოსნად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? კარგად მოექეცით იერუბაალსა და მის სახლს? მისი ღვაწლისდა მიხედვით მოექეცით?

17. თქვენი გულისთვის იბრძოდა მამაჩემი, თავი არ დაუზოგავს, რომ ეხსენით მიდიანის ხელიდან.

18. თქვენ კი უღალატეთ დღეს მამაჩემის სახლს, ერთ ქვაზე დაკალით მისი შვილები, სამოცდაათი კაცი, და შექემელთა მეფედ მისი ხარჭის შვილი აბიმელექი დასვით, რადგან ძმა არის თქვენი.

19. თუ სწორად და პატიოსნად მოექეცით დღეს იერუბაალსა და მის სახლს, კურთხევა იყოს თქვენზე, გაიხარეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით.

20. არადა, ცეცხლი ამოვარდეს აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი: ცეცხლი ამოვარდეს შექემელებისაგან და მილოს სახლისგან და შთანთქას აბიმელექი!

21. გაიქცა იოთამი, თავს უშველა, ჩავიდა ბეერში და იქ დასახლდა აბიმელექისაგან, თავისი ძმისაგან გახიზნული.

22. სამი წელი იმეფა აბიმელექმა ისრაელზე.

23. შუღლი ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და აღარ მორჩილებდნენ შექემელები აბიმელექს,

24. რათა სამაგიერო მიზღოდათ იერუბაალის სამოცდაათი ძის გამო, მოჰკითხოდა მათი სისხლი აბიმელექსაც, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მისი ძმების დახოცვაში.

25. მთების თხემებზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, რომლებიც ყველას ძარცვავდნენ, ვინც კი მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა. მოხსენდა ეს ამბავი აბიმელექს.

26. მივიდა შექემში თავის ძმებთან ერთად გაალ ყებედის ძე, მოიარა შექემი და მიიმხრო შექემელები.

27. გავიდნენ სანახებში, ყურძენი დაკრიფეს, დაწურეს და დღეობები გამართეს, დადიოდნენ თავიანთი ღმერთის სახლში, ჭამდნენ და სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.

28. ასე ამბობდა გაალ ყებედის ძე: ვინ აბიმელექი და ვინ შექები? რატომ უნდა ვმორჩილებდეთ მას? განა იერუბაალის ძე არაა იგი და ზაბული მისი მოურავი არაა? ხამორის კაცებს დაემორჩილეთ, შექემის მამის შთამომავლებს, მაგას რატომ უნდა ვმორჩილებდეთ?

29. ჩემს ხელში რომ იყოს ეს ხალხი, განვდევნიდი აბიმელექს. ვეტყოდი აბიმელექს: გაზარდე შენი ლაშქარი და გამოდი-მეთქი.

30. ზებულმა, ქალაქის მოურავმა გაიგო გაალ ყებედის ძის ნალაპარაკევი და გაცეცხლდა.

31. ფარულად გაგზავნა კაცები აბიმელექთან და შეუთვალა: აჰა, მოვიდა გაალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და ქალაქს გიმხედრებს.

32. ამაღამვე გამოდი შენც და შენთან მყოფი ხალხიც და სანახებში ჩასაფრდი.

33. დილით, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შემოუტიე ქალაქს. როცა წამოვლენ შენზე თვითონ და მასთან მყოფი ხალხი, ის უყავ, რაც შენს ხელს ძალუძს.

34. გამოვიდა ღამით აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი, ოთხი რაზმი ჩაასაფრა შექემის მახლობლად.

35. გამოვიდა გაალ ყებედის ძე და ქალაქის კარიბჭესთან გაჩერდა. გამოვიდა საფრიდან აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი.

36. დაინახა გაალმა ხალხი და უთხრა ზებულს: შეხედე, ხალხი ეშვება მთების თხემიდან. ზებულმა უთხრა: მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება.

37. კვლავ უთხრა გაალმა: შეხედე, ხალხი ჩამოდის მაღლობიდან, ერთი რაზმიც მეონიმის მუხნარის მხრიდან მოდის.

38. უთხრა მაშინ ზებულმა: რა პირით ამბობდი, ვინ არის აბიმელექი, რატომ უნდა ვმორჩილებდეთო მას? ეს ის ხალხია, შენ რომ არად აგდებდი. ახლა გადი და შეები.

39. გაუძღვა გაალი შექემელებს და შეება აბიმელექს.

40. დაედევნა აბიმელექი უკუქცეულ გაალს და მრავალი შექემელი დაეცა მოკლული ქალაქის კარიბჭემდე.

41. აბიმელექი არუმში გაჩერდა, ზებულმა კი განდევნა შექემიდან გაალი და მისი ძმები, რომ აღარ ეცხოვრათ შექემში.

42. მეორე დღეს სანახებში გამოვიდა ხალხი და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს.

43. წამოიყვანა თავისი ლაშქარი, დაჰყო სამ რაზმად და სანახებში ჩაასაფრა. ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, თავს დაესხა და დახოცა.

44. მიადგა აბიმელექი და მასთან მყოფი რაზმი ქალაქის კარიბჭეს და იქ შეჩერდა, ხოლო ორი რაზმი თავს ესხმოდა ყველას, ვინც სანახებში იყო, და ხოცავდა.

45. მთელი დღე ებრძოდა აბიმელექი ქალაქს. აიღო, გაწყვიტა შიგ მყოფნი, დაანგრია ქალაქი და მარილი დათესა.

46. შეიტყვეს ეს ამბავი შექემის მეციხოვნეებმა და ღმერთ ბერითის ტაძრის კოშკში შევიდნენ.

47. მოხსენდა აბიმელექს, რომ ერთად შეგროვდნენ შექემის მეციხოვნენი.

48. ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი, აიღო ცული, ხის ტოტი მოჭრა, მხარზე გაიდო და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: ხომ ნახეთ, რა გავაკეთე, თქვენც სასწრაფოდ იგივე ჰქენით.

49. მთელმა ხალხმა თითო ტოტი მოჭრა და გაჰყვა აბიმელექს. შემოუწყვეს ტოტები კოშკს, ცეცხლი წაუკიდეს და ამოწყდა შექემის მეციხოვნენი - ათასამდე კაცი და ქალი.

50. მერე თებეზისკენ გაემართა აბიმელექი, ალყა შემოარტყა თებეზს და აიღო.

51. შუა ქალაქში მაგარი გოდოლი იდგა, შიგ შეიხიზნა ქალაქის ყველა მკვიდრი კაცი თუ ქალი, შეიკეტნენ და გოდლის ბანზე გავიდნენ.

52. მიიჭრა აბიმელექი გოდოლთან, ალყა შემოარტყა, მიადგა გოდლის კარიბჭეს, რომ ცეცხლი წეკიდებინა.

53. მაშინ ერთმა ქალმა დოლაბის ნატეხი მოახვედრა თავში აბიმელექს და თავის ქალა ჩაუმტვრია.

54. უმალვე თავისი საჭურველმტვირთველი იხმო აბიმელექმა და უთხრა: მახვილი ამოიღე და მომკალი, რომ არ თქვან ჩემზე, ქალის ხელით მოკვდაო.

55. როცა დაინახეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.

56. ასე გადაუხადა ღმერთმა სამაგიერო აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რომელიც მამამისის მიმართ ჩაიდინა, როცა თავისი სამოცდაათი ძმა დახოცა.

57. ღმერთმა შექემელებზე მოაქცია ყველა მათი ბოროტება. ეწიათ იოთამ იერუბაალის ძის წყევლა.