ძველი აღთქმა

ნეემია

თავი მეთორმეტე

1. აჰა, ის მღვდლები და ლევიანები, ზერუბაბელ შალთიელის ძესთან და იესოსთან ერთად რომ მოვიდნენ: შერაია, იერემია, ეზრა,

2. ამარია, მალუქი, ხატუში,

3. შექანია, რეხუმი, მერემოთი,

4. ყიდო, გინთოი, აბია,

5. მიამინი, მაყადია, ბილგა,

6. შემაყია, იოიარიბი, იედაყია,

7. სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია. ესენი იყვნენ მღვდელთა წინამძღვარნი და მათი ძმები იესოს დროს.

8. ლევიანები: იესო, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა და მათანია, რომელიც სამადლობელ გალობას ხელმძღვანელობდა თავის ძმებთან ერთად.

9. ბავბუკია, ყუნი, მათი ძმები მათ მოპირდაპირე მხარეზე გუშაგობდნენ.

10. იესომ შვა იოაკიმი, იოაკიმმა შვა ელიაშიბი, ელიაშიბმა შვა იოიადაყი,

11. იოიადაყმა შვა იონათანი, იონათანმა შვა იადუაყი.

12. ოაკიმის დღეებში მღვდლები - მამისსახლთა თავკაცები იყვნენ: სერაიას სახლიდან - მერაია, იერემიას სახლიდან - ხანანია,

13. ეზრას სახლიდან - მეშელამი, ამარიას სახლიდან - იეჰოხანანი.

14. მალუქის სახლიდან - იონათანი, შებანიას სახლიდან - იოსები.

15. ხარიმის სახლიდან - ყადნა, მერაიოთის სახლიდან - ხელკაი.

16. ყიდოს სახლიდან - ზაქარია, გინთონის სახლიდან - მეშულამი,

17. აბიას სახლიდან - ზიქრი, მინიამინის სახლიდან და მოყადიას სახლიდან - ფილტაი,

18. ბილგას სახლიდან - შამუაყი, შემაყიას სახლიდან - იეჰონათანი,

19. იოიარიბის სახლიდან - მათნაია, იადაყიას სახლიდან - ყუზი,

20. სალაის სახლიდან - კალაი, ყამოკის სახლიდან - ყებერი,

21. ხელკიას სახლიდან - ხაშაბია, იედაყიას სახლიდან - ნათანიელი.

22. ლევიანები - მამისსახლთა თავკაცები, ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანისა და იოდუაყის დროს არიან ნუსხაში ჩაწერილნი, ხოლო მღვდლები დარიოს სპარსელის მეფობის დროს.

23. ლევის ძენი, მამისსახლთა თავკაცები, მატიანეთა წიგნში ჩაწერილნი არიან იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე.

24. ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია, იესო კადმიელის ძე და მისი ძმები, იდგნენ მათ მოპირდაპირე მხარეზე, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის დადგენილი წესით.

25. მათანა, ბაკბუკია, ყობადია, მეშელამი, ტალმონი, ყაკუბი, გუშაგები და კარისმცველები კარიბჭეების ზღურბლებთან ყარაულობდნენ.

26. ისინი ცხოვრობდნენ იოაკიმ იეშეაყ იოცდაკის ძის ვაჟის, ნეემია ოლქის მთავრის და ყეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დროს.

27. იერუსალიმის კედლის კურთხევისას დაძებნეს ლევიანები ყველა მათ ადგილებში იერუსალიმს მოსაყვანად, რათა კედლის სატფურება ეზეიმათ სიხარულით, სამადლობლებით, წინწილებზე, ქნარებზე და ებნებზე სიმღერით.

28. შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათელთა სოფლებიდან,

29. ბეთ-ჰაგილგალიდან და გებაყისა და ყაზმავეთის მინდვრებამდე; რადგან მგალობლებმა იერუსალიმის სანახებში გაიშენეს სოფლები.

30. განიწმიდნენ მღვდლები, ლევიანები და ხალხი, კარიბჭეები და კედელი აკურთხეს.

31. კედელთან მოვუხმე იუდას მთავრებს; დავაყენე ორი დიდი გუნდი შემოსავლელად, ერთი კედლის მარჯვენა მხარეს, მეორე სანაგვის კარიბჭესთან.

32. მათ უკან მისდევდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი,

33. ყაზარია, ეზრა, მეშელამი,

34. იუდა, ბენიამინი, შემაყია, იერემია;

35. მღვდლების ძეთაგან საყვირებით მისდევდნენ: ზაქარია იონათანის ძე, შემაყიას ძე, მათანიას ძე, მიქაიას ძე, ზაქურის ძე, ასაფის ძე,

36. მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნათანიელი, იუდა და ხანანი დავითის, ღვთისკაცის, საკრავებით მიდიოდნენ, წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღოდათ.

37. წყაროსთვალის კარიბჭესთან, მოპირდაპირე მხარეს მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალ კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლების კარიბჭისკენ, აღმოსავლეთით.

38. მეორე გუნდი მათი საპირისპირო მხრიდან უვლიდა, მე და ხალხის ნახევარი მას მივყვებოდით კედელზე, ღუმელთა გოდლიდან ზრქელ კედლამდე.

39. ეფრემის კარიბჭიდან, ძველი კარიბჭისა და თევზთა კარიბჭის, ხანანელის გოდლისა და მეას გოდლის გავლით, ვიდრე ცხვრის კარიბჭემდე. ისინი სატუსაღოს კარიბჭესთან შედგნენ.

40. შემდეგ ორთავე გუნდი ღვთის სახლში დადგა, მეც იქ ვიყავი წინამძღოლთა ნახევრის თანხლებით.

41. იქვე იყვნენ მღვდლები: ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია და ხანანია თავიანთი საყვირებით,

42. აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელყაზარი, ყუბი იეჰოხანანი, მალქია, ყელამი და ყაზერი. მგალობელნი გალობდნენ იზრახიას ლოტბარობით.

43. დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი. მათთან ერთად მათი ცოლ-შვილიც მხიარულობდა. შორს გავარდა იერუსალიმის მხიარულობის ხმა.

44. იმავე დღეს კაცები მიუჩინეს შესაწირავისთვის, პირველმოწეული ნაყოფებისთვის და მეათედისთვის განკუთვნილ საგანძურის ოთახებს! რათა ქალაქების ბაღებიდან იქ შეეგროვებინათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის რჯულით დაწესებული წილი; რადგან ხარობდა იუდა, სამსახურად მდგომი მღვდლებისა და ლევიანების შემყურე;

45. რადგან ასრულებდნენ სამსახურს და განწმედის სამსახურს; მგალობელნი და კარისმცველნი დავითისგან და მისი ძის, სოლომონისგან დადგენილი წესის თანახმად იდგნენ.

46. რადგან უწინ, დავითისა და ასაფის დროს იყვნენ დადგენილნი მგალობელთა ლოტბარნი და დაწესებულ იქნა ღვთის სადიდებელი და სამადლობელი გალობები.

47. ზერუბაბელისა და ნეემიას დღეებში მთელი ისრაელი ყოველდღიურად იძლეოდა მგალობელთა და კარისმცველთა წილს. შესაწირავს ლევიანებს აძლევდნენ, ლევიანები კი აარონიანებს აძლევდენ.