ძველი აღთქმა

ნეემია

თავი მეცამეტე

1. იმ დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხეს მოსეს წიგნი და მასში ჩაწერილი აღმოჩნდა, რომ უკუნისამდე ვერ შევლენ ყამონელნი და მოაბელნი ღვთის კრებულში.

2. ეს იმის გამო, რომ ისინი ისრაელიანებს პურითა და წყლით კი არ შეეგებნენ, არამედ მის წინააღმდეგ მოისყიდეს ბალაამი, რომ შეეჩვენებინა ისინი. ჩვენმა ღმერთმა კი ეს შეჩვენება კურთხევად მოაქცია.

3. ეს რჯული რომ მოისმინეს, ყველა სხვა თესლ-ტომი გამოარიდეს ისრაელს.

4. ამის წინ ელიაშიბ მღვდელმა, ტობიას ახლობელმა, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახში რომ ცხოვრობდა,

5. ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც ადრე წესისამებრ საძღვნო, საკმეველი, ჭურჭლეული, ხორბლის მეათედი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი ინახებოდა ლევიანთათვის, მგალობელთათვის და კარისმცველთათვის, სამღვდლო შესაწირავთან ერთად.

6. ამ დროს იერუსალიმში არ ვყოფილვარ, რადგან ართახშასთას, ბაბილონის მეფის, ოცდამეთორმეტე წელს, მეფეს ვეახელი; ხანი რომ გამოხდა დავეთხოვე მეფეს.

7. დავბრუნდი იერუსალიმში და შევიტყვე იმ ბოროტების შესახებ, ელიაშიბს რომ გაეკეთებინა ტობიასთვის ღვთის სახლის ეზოებში ოთახის მიცემით.

8. ძალიან გავბოროტდი და ტობიას სახლის ნივთები მთლიანად ოთახის გარეთ გამოვყარე.

9. ვუბრძანე, რომ გამოესუფთავებინათ ოთახები და იქ დაებრუნებინათ ღვთის სახლის ჭურჭლეული, საძღვნო და საკმეველი.

10. გავიგე, რომ ლევიანებს არ ეძლეოდათ წილი, და რომ ამის გამო ლევიანები და საქმის მკეთებელი მგალობელნი თავ-თავიანთ ყანებში იყვნენ გაფანტულნი.

11. ვედავე წინამძღვრებს და ვუთხარი: რატომ არის მიტოვებული ღვთის სახლი? შევკრიბე ისინი და თავ-თავის ადგილებზე დავაყენე.

12. მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეითუნის ზეთის მეათედის მიტანა საგანძურებში.

13. საგანძურები ჩავაბარე შელემია მღვდელს, ცადოკ მწიგნობარს და ფედაია ლევიანს. მათთან ერთად ხანანს, მათანია ზაქურის ძის ძეს, რადგან ისინი ცნობილი იყვნენ ერთგულებით. მათ დაეკისრათ თავიანთი ძმებისთვის წილის მიცემა.

14. ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წარხოცავ იმ ჩემს ძველ საქმეებს, რაც ღვთის სახლისთვის და მისი სამსახურისთვის გამიკეთებია.

15. იმ ხანად შევნიშნე, რომ იუდაში შაბათობით საწნახლებში ღვინოს წურავენ, ძნებს ზიდავენ, სახედრებს ჰკიდებენ ღვინოს, ყურძენს, ლეღვს, ყველანაირ საპალნეს, და შაბათ დღეს იერუსალიმში მიაქვთ. მე გავაფრთხილე ისინი იმ დღეს, როცა საჭმელ-სასმელს ყიდდნენ.

16. იერუსალიმშივე ცხოვრობდნენ ტვიროსელნი. მათ შაბათობით მოჰქონდათ თევზი, ყველა სხვა გასასყიდი საქონელი და იუდასა და იერუსალიმის მკვიდრებს ასყიდებდნენ.

17. გავკიცხე იუდას წარჩინებულნი და ვუთხარი: რად სჩადიხართ ამ ბოროტ საქმეს, რატომ ბილწავთ შაბათ დღეს?

18. განა ასე არ იქცეოდა თქვენი მამა-პაპა, განა ამის გამო არ იყო, რომ ჩვენმა ღმერთმა ასეთი უბედურება მოავლინა ჩვენზე და ამ ქალაქზე? თქვენ კი შაბათის წაბილწვით უმატებთ ღვთის რისხვას ისრაელზე!

19. შაბათის წინა საღამოს, როგორც კი იერუსალიმის კარიბჭეებთან ჩამობნელდა, ვუთხარი და ჩაკეტეს კარები; განკარგულება გავეცი, რომ შაბათის მომდევნო დილამდე არ გაეღოთ. ჩემი მსახურები დავაყენე კარიბჭეებთან, რომ შაბათ დღეს არანაირი ტვირთი არ შემოტანილიყო.

20. სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე.

21. ვამხილე ისინი და ვუთხარი: კედელთან რატომ ათევთ ღამეს? თუ კიდევ მოიქცევით ასე, ხელს აღვმართავ თქვენზე. მას აქეთ შაბათ დღეს აღარ მოსულან.

22. ვუბრძანე ლევიანებს, რომ სუფთად ყოფილიყვნენ და კარიბჭეთა დასაცავად მოსულიყვნენ, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ამის გულისთვისაც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და დამიცავი შენი დიდი მოწყალებით!

23. იმავ დღეებში ვნახე, რომ იუდაელებს აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები მოჰყავდათ ცოლებად;

24. და მათი შვილების ნახევარი ან აშდოდურად, ანდა სხვა რომელიმე ხალხის ენაზე ლაპარაკობდა, იუდაური ენა კი აღარ იცოდა.

25. დავტუქსე ისინი, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ მათგანს და თმა-წვერი ვაგლიჯე. ღმერთზე დავაფიცე, რომ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებს არ მიათხოვებდნენ და მათ ასულებს თავიანთ ვაჟებს არ შერთავდნენ და არც თავად არ მოიყვანდნენ.

26. განა ამ საქმეზე არ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ? ბევრ ხალხს როდი ჰყოლია იმისთანა მეფე. მის ღმერთს უყვარდა იგი და მეფედ დააყენა მთელ ისრაელზე; თუმცა-ღა ისიც აცდუნეს უცხოელმა ცოლებმა.

27. სად გაგონილა ამდენი ბოროტების კეთება და ამოდენა ცოდვის ჩადენა ჩვენი ღმერთის წინააღმდეგ, უცხოელ ცოლებთან წოლით?

28. იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავრის ძის, ძეთაგან ერთ-ერთი სანბალატ ხორონელის სიძე იყო; თავიდან მოვიშორე იგი.

29. ღმერთო ჩემო, გაუხსენე მათ, ვინც მღვდელმსახურება და მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა შელახეს.

30. გავწმიდე ისინი ყოველივე უცხოურისგან; მღვდლებს და ლევიანებს სამსახური აღვუდგინე თავთავიანთ საქმეში.

31. ვიზრუნე დაწესებული დროისთვის შეშისა და პირველმოწეული ნაყოფის მოტანისთვის. ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ გამიხსენე.