ძველი აღთქმა

ნეემია

თავი მეოთხე

1. როცა სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა შეიტყეს, რომ შენდება იერუსალიმის კედლები და მისი ბზარები მთელდება, ძალიან გაცხარდნენ.

2. ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და ზიანის მისაყენებლად.

3. მაგრამ ჩვენ ვევედრებოდით ჩვენ ღმერთს და მათ წინააღმდეგ დაცვა გვეყენა დღედაღამ მათგან თავის დასაცავად.

4. თქვა იუდამ: ძალა გამოელია მზიდავს, ნაგავი კი უამრავია, აღარ შეგვიძლია კედლის შენება.

5. ჩვენი მტრები ამბობდნენ: ვერც გაიგებენ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით, მუსრს გავავლებთ და მუშაობას შევაწყვეტინებთ.

6. მაშინ მოდიოდნენ მათ ირგვლივ მცხოვრები იუდაელები და ათგზის გვიმეორებდნენ ყველა მხრიდან: იქნებ დაბრუნდეთო ჩვენთან.

7. დაბლობ ადგილებში, კედლის გარეთ და უწყლო ადგილებში ხალხი ჩავაყენე, საგვარეულოებისდა მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით.

8. შევხედე, წამოვდექი და დიდებულებს, მმართველებსა და დანარჩენ ხალხს მივმართე: ნუ გეშინიათ მათი! გახსოვდეთ დიდი და საშინელი უფალი, იბრძოლეთ თქვენი ძმების, ქალ-ვაჟების, ცოლებისა და სახლების გულისათვის.

9. როგორც კი ჩვენმა მტერმა შეიტყო, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ღმერთმა გააქარწყლა მათი ზრახვა და ჩვენ ყველანი კედელთან დავბრუნდით, თითოეული თავის საქმეზე.

10. იმ დღიდან ასე იყო. ჭაბუკთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მათი ნახევარი კი შუბით, ფარით, მშვილდითა და მუზარადით იყო შეიარაღებული. მთავრები კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ.

11. კედლის მშენებლები კედელს აშენებდნენ და ტვირთის მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ; ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.

12. თითოეული მშენებელი, წელზე მახვილშემორტყმული აშენებდა. გვერდით კი მებუკე მყავდა.

13. ვუთხარი დიდებულებს, თავკაცებს და სხვა ხალხს: დიდი და ვრცელი სამუშაო გვაქვს, ჩვენ კი კედელზე ვართ გაფანტულნი და მოშორებულნი ვართ ერთმანეთს.

14. ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმა შემოგესმებათ, იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენს მაგივრად.

15. ასე ვაკეთებდით საქმეს. მათ ნახევარს განთიადიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე შუბი ეჭირა.

16. ამავე დროს ხალხს ვუთხარი, რომ ყველას თავის ვაჟებთან ერთად იერუსალიმში ეთიათ ღამე, რომ ღამით ჩვენთან ეყარაულათ, დღისით კი ემუშავათ.

17. არც მე, არც ჩემი ძმები, არც ჩემი ბიჭები, არც ჩემი მცველები, თან რომ მახლდნენ, ტანსაცმელს არ ვიხდიდით, წყალზეც კი იარაღასხმული მივდიოდით.