ძველი აღთქმა

ნეემია

თავი მეხუთე

1. დიდი დრტვინვა ატყდა ხალხში და მათ დედაკაცებში მათი იუდაელ მოძმეების წინააღმდეგ.

2. იყვნენ ისეთები, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენ, ჩვენი ქალ-ვაჟებით, ბევრნი ვართ, პური გვინდა ვიშოვოთ, რომ ვჭამოთ და ვიცოცხლოთ.

3. იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენს ყანებს, ვენახებს და სახლებს ვაგირავებთ ამ შიმშილობის ჟამს ხორბლის საშოვრადო.

4. იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენი ყანების და ვენახების დაგირავებით, ვერცხლს ვსესხულობთ მეფის ხარკის გადასახდელადო.

5. ახლა, ჩვენს მოძმეთ ისეთივე ხორცი აქვთ, როგორც ჩვენ, მათ ისეთივე ვაჟები ჰყავთ, როგორიც ჩვენ. ჩვენი ვაჟები და ასულები მონებად უნდა მივცეთ, ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი კი უკვე დამონებულია, ძალა აღარა გვაქვს ხელებში. ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს ეკუთვნის.

6. ძალიან მეწყინა, როდესაც მათი დრტვინვა და ასეთი სიტყვები მოვისმინე.

7. მაგრამ გულმა მიკარნახა და დავა დავუწყე დიდებულებს, თავკაცებს და ვუთხარი თქვენს მოძმეთაგან ვახშს იღებთ-მეთქი. მათ წინააღმდეგ დიდი კრებული მოვიწვიე.

8. და ვუთხარი: წარმართებს მიყიდული ჩვენი იუდაელი მოძმენი გამოვისყიდეთ, რამდენადაც შეგვეძლო თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით და ჩვენ გვეყიდებიან ისინი. ისინი კი დუმდნენ, სიტყვას ვერ პოულობდნენ.

9. ვუთხარი: არ არის კარგი ეს საქმე, თქვენ რომ აკეთებთ. განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისგან და ჩვენი მტრებისგან სირცხვილი აიცილოთ?

10. მე, ჩემი ძმებიცა და ბიჭებიც, ვალად ვაძლევდით ვერცხლსა და ხორბალს. მოდით, მივუტევოთ მათ ეს ვალი.

11. დღესვე დავუბრუნოთ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, ასეულობით ვერცხლი, პური, ღვინო და ზეითუნის ზეთი, სარგებელში რომ აიღეთ მათგან.

12. თქვეს: დავუბრუნებთ, და აღარ მოვთხოვთ. ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ. მღვდელს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რათა ის სიტყვა შეესრულებინათ.

13. გამოვიბერტყე ჩემი სამოსლის უბე და ვთქვი: ასე გამობერტყოს-მეთქი ღმერთმა თავისი სახლიდან და მამულიდან ყველა ის კაცი, რომელიც ამ სიტყვას არ შეასრულებს; ასე იყოს-მეთქი გაბერტყილი და გამოცარიელებული. და თქვა მთელმა კრებულმა: ამინ! და განადიდა უფალი. ხალხმა შეასრულა ეს სიტყვა.

14. იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყანაში ოლქის განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე - თორმეტი წლის განმავლობაში მე ჩემს მოძმეებთან ერთად ოლქის განმგებლის პური არ მიჭამია.

15. წინანდელი ოლქის განმგებელნი, ჩემამდე რომ იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და, ორმოცი შეკელის გარდა, პურს და ღვინოსაც ართმევდნენ; ამის გარდა, მათი ნაშიერები ხალხზე ბატონობდნენ. მე კი, ღვთის შიშის გამო, ასე არ ვიქცეოდი.

16. ამავე დროს კედელზე მუშაობას ვაგრძელებდი. ყანას აღარ ვყიდულობდით და ჩემი ბიჭებიც იქ გროვდებოდნენ სამუშაოდ.

17. ჩემს სუფრასთან ასორმოცდაათი კაცი მყავდა: იუდაელები, თავკაცები და ჩვენს გარშემო მცხოვრები ხალხიდან მოსულნი.

18. აი, რა მზადდებოდა ერთი დღისთვის: ერთ ხარს, ექვს გამორჩეულ ცხვარს და ფრინველებს მიმზადებდნენ. ათი დღის მანძილზე ბევრი ნაირგვარი ღვინო იხარჯებოდა. ამასთან ერთად ოლქის განმგებლის პურს არ ვითხოვდი, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის სამუშაო.

19. ყველაფერი სასიკეთოდ გამიხსენე, ღმერთო ჩემო, რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია.