ძველი აღთქმა

ნეემია

თავი მეექვსე

1. როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და სხვა დანრჩენმა მტრებმა შეიტყვეს, რომ კედელი ავაშენე და ზედ ბზარი არ დამიტოვებია (თუმცა საიმდროოდ ჯერ კიდევ არ მქონდა კარიბჭეში კარი ჩაყენებული),

2. სანბალატმა და გერშომმა კაცი გამომიგზავნეს და შემომითვალეს: წამო და ერთად შევიყაროთ ონოს ხეობის რომელიმე სოფელში. განზრახული ჰქონდათ, ჩემთვის ბოროტება შეემთხვიათ.

3. მოციქულები გავუგზავნე და დავაბარე: დიდ საქმეს ვაკეთებ და არ შემიძლია ჩამოსვლა. რისთვის უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ-მეთქი?

4. ამგვარი სიტყვა ოთხჯერ შემომითვალეს და იგივე პასუხი დავუბრუნე.

5. ასეთი სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა.

6. მასში ეწერა: ხალხებში ხმა დადის და გეშემიც ამბობს, რომ შენ და იუდაელებს განდგომა გაქვთ განზრახული და ამიტომაც აშენებ კედელს. როგორც ამბობენ, შენ იქნები მათი მეფე.

7. წინასწარმეტყველებიც დაგიყენებია, რომ იერუსალიმში იქადაგონ და თქვან: იუდაშიაო მეფე. ახლა, მეფის ყურამდე მივა ეს სიტყვები. ამიტომ მოდი და ერთად მოვითათბიროთ.

8. გავუგზავნე კაცი და შევუთვალე: ასეთი სიტყვები არ თქმულა, შენ რომ ამბობ, და შენი ჭკუით მოიგონე-მეთქი ეგენი.

9. ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვეღარც დაასრულებენ. გევედრები, გაამაგრე ახლა ჩემი ხელები.

10. შემაყიას, დელაია მეჰეტაბელის ძის ვაჟის სახლში შევედი, ჩაკეტილი დამიხვდა; მითხრა: ერთად წავიდეთ ღვთის სახლში, შუაგულ ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოვლენ, სწორედ ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავადო.

11. ვუთხარი: ჩემნაირი კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ანდა ჩემნაირი კაცი სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში როგორ შევა? არ წამოვალ-მეთქი.

12. მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. ჩემზე იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიას და სანბალატის მოსყიდული იყო.

13. იმისთვის მოისყიდეს, რომ მე შევშინებულიყავი, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა ჩამედინა და ეს წამხდარი სახელი ჩემს დასამცირებლად გამოეყენებინათ.

14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ.

15. ელულის თვის ოცდამეხუთე დღეს დასრულდა კედელი - ორმოცდათორმეტ დღეში.

16. როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს გარშემო მცხოვრებმა ხალხებმა დაინახეს, დიდად დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენი ღმერთის მიერ იყო ეს საქმე გაკეთებული.

17. იმავე დღეებში დიდებულები იუდადან წერილებს უგზავნიდნენ ტობიას, ტობიასგან კი მათ მოსდიოდათ;

18. რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო, ხოლო მისმა ძემ, იოხანანმა, მეშელამ ბარექიას ძის ასული შეირთო.

19. მის სიკეთეს ამბობდნენ ჩემს წინაშე, ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ. ტობია კი წერილებს მიგზავნიდა, რომ დავეშინებინე.