ძველი აღთქმა

ნეემია

თავი მერვე

1. როგორც ერთი კაცი, შეიკრიბა მთელი ერი იმ მოედანზე, წყლების კარიბჭის წინ რომ არის, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.

2. ეზრა მღვდელმა მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა რჯული კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა კაცებისგან, ქალებისგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა.

3. წყლების კარიბჭესთან რომ მოედანია, იქ კითხულობდა მას განთიადიდან შუადღემდე კაცების, ქალებისა და გამგებთა წინაშე. მთელი ერის ყური რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.

4. ეზრა მწიგნობარი იდგა ხის კვარცხლბეკზე, ამ საქმისთვის რომ იყო გამართული; მის ახლოს, ხელმარჯვნივ, მათითია, შემაყი, ყანაია, ურია, ხილკია და მაყასია იდგნენ; მის ხელმარცხნივ კი ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშელამი იდგნენ.

5. ეზრამ მთელი ხალხის თვალწინ გახსნა წიგნი, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა. როდესაც გახსნა იგი, მთელი ხალხი ფეხზე წამოუდგა.

6. ეზრა აკურთხებდა უფალს, დიად ღმერთს. ხალხი კი ხელებაპყრობილი პასუხობდა: ამინ! ამინ! და თაყვანს-სცმდა უფალს პირქვე დამხობილი.

7. იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარი, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები მათ წინ მდგომ ხალხს რჯულს განუმარტავდნენ.

8. კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული.

9. ნეემიამ, განმგებელი რომ იყო, ეზრამ, მღვდელმა და მწიგნობარმა, და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ! (რადგან რჯულის სიტყვების გამგონე, მთელი ხალხი ქვითინებდა).

10. უთხრა მათ: წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება.

11. ლევიანები ამშვიდებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: გაჩერდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხართო!

12. წავიდა მთელი ხალხი საჭმელად, სასმელად, წილობების დასაგზავნად და დიდი სიხარულის საყოფად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომელნიც მათ ამცნეს.

13. მეორე დღეს მთელი ერის მამისსახლთა თავკაცებმა, მღვდლებმა და ლევიანებმა ეზრა მწიგნობართან მოიყარეს თავი, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს.

14. ნახეს რჯულში დაწერილი, სადაც მოსეს მეშვეობით უფალი თავის ხალხს უბრძანებს, რომ ისრაელიანებმა მეშვიდე თვის დღესასწაულისას კარვებში იცხოვრონ.

15. რომ გამოუცხადონ და ხმა მიაწვდინონ ყველა ქალაქსა და იერუსალიმს; გადით მთაზე და მოიტანეთ ბაღის ზეთისხილისა და ველური ზეთისხილის ფოთლები, ღვიის, პალმისა და სხვა ხეების ფოთლები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით.

16. გავიდა ხალხი, მოიტანა და გაიკეთა კარვები ყველამ თავ-თავის ბანზე, ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლების კარიბჭისა და ეფრემის კარიბჭის მოედნებზე.

17. კარვები გააკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდა კარვებში, რადგან იესო ნავეს ძის შემდეგ ამ დღემდე ისრაელიანებს ასე არ გაუკეთებიათ. და იყო ძალზე დიდი სიხარული.

18. ყოველდღე კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს, პირველიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდ დღეს იზეიმეს და მერვე დღეს კი საზეიმო თავყრილობა ჰქონდათ წესისამებრ.