1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს.
2. როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს.
3. წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი.
4. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად იზრეყელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა.
5. იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე.
6. კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელას სახლს და არასოდეს შევუნდობ.
7. იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღმერთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, რც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.
8. მოსხლიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი.
9. თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი). რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვიქნები თქვენი.