1. დაცარიელებული ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები.
2. ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს.
3. რადგან ახლა ამბობენ, მეფე არა გვყავსო, რადგან უფლის არ გვეშინიაო; მეფემ კი - რა უნდა გვიყოსო მეფემ.
4. მხოლოდ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ ფიცულობენ აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი, როგორც შხამიანი ბალახი ყანის ხნულებში.
5. შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბოების გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით ხომ ხარობდნენ; გამოიგლოვენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას.
6. თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა.
7. გაქრება სამარია თავისი მეფითურთ როგორც ქაფი წყლის ზედაპირზე.
8. განადგურდება ავენის გორაკები - ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთო და ბორცვებს - თავზე დაგვემხეთო!
9. გიბყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელო! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბყაში ბოროტეულთა წინააღმდეგ გალაშქრება.
10. ჩემი ნებისაებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრობილნი იქნებიან ორმაგი უკეთურების გამო.
11. გაწვრთნილი ხბოა ეფრემი, ლეწვას შეჩვეული; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გავხედნი ეფრემს; იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს.
12. თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი, დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ.
13. თქვენ ხნავდით ბოროტს და იმკიდით უსამართლობას; ჭამდით სიცრუის ნაყოფს, რადგან ესავდით თქვენს გზას, თქვენი მეომრების სიმრავლეს.
14. აურზაური ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, როდესაც დედა აკუწეს შვილებთან ერთად.
15. ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისთვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე.