1. შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით ისრაელის სახლი; ჯერ კიდევ ღმერთთან არის იუდა და ერთგულია წმიდათა მიმართ.
2. ეფრემი მწყემსავს ქარს და ხორშაკს ედევნება; დღითი დღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი ეგვიპტეში მიაქვს.
3. დავა აქვს უფალს იუდასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას.
4. დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა.
5. შეერკინა ანგელოზს და სძლია, თუმცა ტირილით ემუდარებოდა. ბეთელში გვიპოვის ჩვენ და დაგველაპარაკება.
6. უფალია ცაბაოთ ღმერთი, უფალია მისი სახელი.
7. შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მუდამ.
8. ქანაანელია, მატყუარა სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს.
9. თქვა ეფრემმა: აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭე დოვლათი; მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოს.
10. მე, უფალი, თქვენი ღმერთი ვარ ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვების ქვეშ, როგორც დღესასწაულის დღეებში.
11. მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ და მე გავამრავლე ხილვები; წინასწარმეტყველთა პირით იგავურად ვლაპარაკობდი.
12. თუ იყვნენ კერპები გალაადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია ყანის ხნულებში.
13. გაიქცა იაკობი არამის ყანებში და შრომობდა ისრაელი ცოლის გულისთვის; ცოლის გულისთვის იცავდა ფარას.
14. წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული.
15. მწარედ გააჯავრა ეფრემმა თავისი უფალი. ამიტომაც მასზევე დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხო საქმეებს.