1. როცა დასძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაალის გამო და მოკვდა.
2. ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისგან, ოსტატურად, კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს; ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბოებს კოცნიანო!
3. ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადევნილი კვამლივით.
4. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული, სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა და არავინაა მხსნელი.
5. მე გიცნობდი შენ უდაბნოში, მცხუნვარე მიწაზე.
6. როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე.
7. მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე.
8. ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და, როგორც ლომი, შევჭამ მათ; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ.
9. თავი წაიწყმიდე, ისრაელ, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა!
10. სადა არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებზეც ამბობდით: მომეცი მეფე და მთავრებიო?
11. მე მოგეცით მეფე განრისხებისას და წაგართმევთ გულისწყრომაში.
12. შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები.
13. მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ დაყოვნდებოდა საშოს კარებთან.
14. ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!
15. თუმცა განივრცო ეფრემი ძმათა შორის, მაგრამ დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყარო და დაწდება მისი სათავე; ის გაძარცვავს ყოველნაირ ძვირფას ჭურჭელთა საგანძურს.