1. ნუ მხიარულობ ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან ბოზობ შენი ღმერთისგან განმდგარი; საჩუქრები გირჩევნია ყველა კალოს პურს.
2. კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ.
3. არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში.
4. არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური მგლოვიარეთა პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მხოლოდ მათთვის არის, და არ შედის საუფლო სახლში.
5. რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს?
6. რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას, მაგრამ ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და მოფი დამარხავს მათ; მისი ვერცხლეულის საგანძურს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ნარ-ეკალი ამოვა მის კარვებში.
7. დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! ბრიყვი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა?
8. ეფრემის - ჩემი ღმერთის ერის მცველი წინასწარმეტყველია. ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღმერთის სახლში.
9. ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს.
10. ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამა-პაპა; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს შესწირეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.
11. ეფრემი - ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!
12. თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე!
13. ეფრემი ვიხილე როგორც მდელოზე დარგული ტვიროსი; მაგრამ ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს.
14. მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი.
15. გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ; განდგომილია ყველა მისი მთავარი.
16. დაჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს.
17. მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას; და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან.