1. ქებათა ქება სოლომონისა.
2. მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი!
3. სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს.
4. თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!
5. შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი.
6. ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი. დედაჩემის ძენი შემომწყრნენ და დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი ვერ დავიცავი.
7. მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?
8. თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
9. ჩემს ფაშატს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!
10. მშენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი. და ყელი, მანიაკით მორთული.
11. ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულთ.
12. ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი.
13. მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.
14. ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის ვენახებში.
15. აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.
16. აჰა, მშვენიერი ხარ, მეტრფევ ჩემო, და სანატრელი! ბალახია ჩვენი სარეცელი.
17. სახურავი ჩვენი სახლისა ნაძვისაა, ჭერი - კვიპაროსის.