1. მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი.
2. როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის!
3. როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა მეტრფე ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში ჯდომა მიყვარდა და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.
4. შემიყვანა მან ღვინის სახლში და აღმართა ჩემზე სიყვარულად თავის ალამი.
5. გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან.
6. ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მარჯვენა მეხვეოდეს მისი!
7. გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს.
8. აჰა, გაისმის ხმა ჩემი მეტრფისა, აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე.
9. ვამსგავსე მეტრფე ჩემი ნიამორს ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენს ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის.
10. მომიგებს მეტრფე ჩემი და მეტყვის: ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!
11. რადგან აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ნიაღვრისა გრდახდა, თავისთვის წავიდა.
15. ყვავილები დაჩნდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში.
16. ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს. ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!
14. შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი - მშვენიერი.
15. დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი.
16. ჩემი მეტრფე ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყემსავს შროშანთა შორის!
17. ვიდრეღა სუნთქავს დღე და ჩრდილნი იძვრიან, მოიქეც, ემსგავსე, მეტრფევ ჩემო, ნიამორს, ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულთ!