1. მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ! რად უცქერით სულამითს როგორც მახანაიმის ფერხისაის?
2. როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში: ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით.
3. შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისაგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გრემოცული.
4. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი.
5. შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭეებთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული.
6. შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო ძოწეული, კავებით შეკრული.
7. რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, მენი სიტკბოებით!
8. შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები.
9. ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი.
10. შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
11. მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც.
12. მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე;
13. ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი.
14. სურნელებით ფშვიან მანდრაგორები, ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ - ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, მეტრფევ ჩემო.