1. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, სადღესასწაულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, უთხრა:
2. აღწერე ისრაელიანთა საზოგადოება საგვარეულოებად და მამისსახლებად, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამროვანი სათითაოდ.
3. აღრიცხეთ შენ და აარონმა ყველა ისრაელიანი ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი, თავთავისი ლაშქრისდა მიხედვით.
4. თან იყოლიეთ ყოველი შტოდან თითო კაცი, თითოეული თავისი მამისსახლის თავკაცი.
5. აი, მათი სახელები, ვინც თქვენთან უნდა იდგნენ: რეუბენიდან: ელიცურ შედეურის ძე;
6. სიმონიდან: შელუმიელ ცურიშადის ძე;
7. იუდადან: ნახშონ ყამინადაბის ძე;
8. ისაქარიდან: ნათანიელ ცუარის ძე;
9. ზებულონიდან: ელიაბ ხელონის ძე;
10. იოსებიანთაგან: ეფრემიდან ელიშამაყ ამიჰუდის ძე, მენაშედან გამალიელ ფედაცურის ძე;
11. ბენიამინიდან: აბიდან გიდეონის ძე;
12. დანიდან: ახიეზერ ყამიშადაის ძე;
13. აშერიდან: ფაგეყიელ ყაქრანის ძე;
14. გადიდან: ელიასაფ რეღუელის ძე;
15. ნაფთალიდან: ახირაყ ყენანის ძე;
16. ესენი არიან წოდებულნი საზოგადოებიდან, თავთავის მამათა შტოების თავკაცები, ისრაელის ათასისთავთაგანნი.
17. გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, სახელდებით ჩამოთვლილნი.
18. მათ შეკრიბეს საზოგადოება მეორე თვის პირველ დღეს და გაარკვიეს მათი წარმავლობა საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყველასი, სათითაოდ, ოცი წლიდან მოყოლებული,
19. როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, ისე აღრიცხა ისინი სინაის უდაბნოში.
20. სულ იყო აღრიცხული რეუბენის, ისრაელის პირმშოს შთამომავალთაგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ყველა მამაკაცი სათითაოდ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
21. რეუბენის შტოში აღრიცხული იყო ორმოცდაექვსი ათასი ხუთასი.
22. სიმონიანთა მთელი შთამომავლობა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ სათითაოდ, ყველა მამროვანი ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
23. სიმონის შტოდან აღრიცხული იყო ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი.
24. გადიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.
25. გადის შტოში აღირიცხა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი.
26. იუდიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
27. იუდას შტოში აღირიცხა სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი.
28. ისაქარიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.
29. ისაქარის შტოში აღირიცხა ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი.
30. ზებულონიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
31. ზებულონის შტოში აღირიცხა ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი. 32. იოსებიანთა, ეფრემიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვი!სამებრ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
33. ეფრემიანთა შტოში აღირიცხა ორმოცი ათას ხუთასი.
34. მენაშეანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
35. მენაშეს შტოში აღირიცხა ოცდათორმეტი ათას ორასი.
36. ბენიამინიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
37. ბენიამინის შტოში აღირიცხა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი.
38. დანიანთა მთელი მოდგმა - საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
39. დანის შტოში აღირიცხა სამოცდაორი ათას შვიდასი.
40. აშერიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
41. აშერის შტოში აღირიცხა ორმოცდაერთი ათას ხუთასი.
42. ნაფთალიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
43. ნაფთალის შტოში აღირიცხა ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი.
44. ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა, თორმეტმა კაცმა, თითო კაცმა ყოველი მამისსახლიდან.
45. აღმოჩნდნენ ისრაელიანთაგან აღრიცხულნი მათი მამისსახლების მიხედვით ოცი წლიდან მოყოლებული ყველა ისრაელიანი, ლაშქრად გამსვლელი.
46. აღმოჩნდა მთლიანად აღრიცხული ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
47. ლევიანები არ აღრიცხულან მათ შორის თავ-თავიანთი მამების შტოთა მიხედვით.
48. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
49. ოღონდ ლევის შტო არ აღრიცხო, არ აღრიცხო ისრაელიანთა შორის.
50. ჩააბარე ლევიანებს მოწმობის სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრითურთ, რაც მას ეკუთვნის. ატარონ სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრით, რაც მას ეკუთვნის. მას მოემსახურონ და სავანის ირგვლივ დაიბანაკონ.
51. გამგზავრებისას სავანე ლევიანებმა დაშალონ; დაბანაკებისას სავანე ლევიანებმა აღმართონ. ვინც კი გარეშეთაგან მიეკარება, მოკვდეს.
52. უნდა დაიბანაკონ ისრაელიანებმა - თითოეულმა თავის ბანაკში, თითოეულმა თავისი დროშის ქვეშ, თავ-თავისი ლაშქრის მიხედვით.
53. დაიბანაკონ ლევიანებმა მოწმობის სავანის ირგვლივ, რომ არ იყოს რისხვა ისრაელიანთა საზოგადოებაზე. ლევიანები იდგებიან მოწმობის სავანის დასაცავად.
54. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. ასე გააკეთეს.