1. კიცხავდნენ მოსეს მირიამი და აარონი ქუშელი ცოლის გამო, რომელიც ნათხოვი ჰყავდა, რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად.
2. ამბობდნენ: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაღებოდა? გაიგონა ეს უფალმა.
3. მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.
4. უთხრა მოულოდნელად უფალმა მოსეს, აარონს და მირიამს: გამოდით სამივენი სადღესასწაულო კარავთან. და გამოვიდნენ სამივენი.
5. ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის შესასვლელთან. უხმო აარონს და მირიამს, და წინ წადგნენ ორივენი.
6. თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან.
7. ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი.
8. პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი. რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ ჰკიცხავთ?
9. აღინთო უფლის რისხვა მათ მიმართ. და წავიდა.
10. აშორდა ღრუბელი კარავს, და, აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. მიბრუნდა აარონი მირიამისკენ და, აჰა, კეთრი მოსდებია მას.
11. უთხრა აარონმა მოსეს: გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი ჩვენს სიბრიყვეს და შეცოდებანს.
12. ნუ გახდი მას მკვდარშობილივით, ნახევრად შეჭმული სხეულით რომ გამოდის დედის საშოდან.
13. შეჰღაღადა მოსემ უფალს: ღმერთო, განკურნე, გევედრები.
14. უთხრა უფალმა მოსეს: მამას რომ მიეფურთხებინა მისთვის სახეში, შვიდ დღეს ხომ ვერ გამოჩნდებოდა სირცხვილით? შვიდი დღე დაიმალოს ბანაკის გარეთ და მერე დაბრუნდეს.
15. შვიდ დღეს იმალებოდა მირიამი ბანაკის გარეთ და არ დაძრულა ხალხი, ვიდრე მირიამი არ დაბრუნდა.
16. მერე დაიძრა ხალხი ხაცოროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.