ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მეთხუთმეტე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

2. დაელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ,

3. და დაამზადეთ საცეცხლო მსხვერპლის უფლისათვის - აღსავლენს ან აღთქმულ საკლავს, ან სამოწყალოს, თქვენი დღეობების დროს, უფლისათვის სურნელების საკმეველად - საქონელს შესწირავ ცხვარს,

4. შესწიროს შემწირველმა თავისი შესაწირავი უფალს - საძღვნოდ მეოთხედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი

5. და ღვინო, უნდა დაამზადო საღვრელად აღსავლენისთვის ან საკლავისთვის, მეოთხედ, ჰინა თითო კრავზე,

6. ვერძზე დაამზადე ძღვენი: მესამედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი.

7. და ღვინო უნდა მიიტანო საღვრელად, მესამედი ჰინი, უფლისათვის სურნელებად.

8. როცა კურატს გაამზადებ აღსავლვნად ან აღთქმულ საკლავად ან სამადლობელად უფლისათვის,

9. კურატს უნდა მიაყოლო ძღვენი: ნახევარ ჰინი ზეთში აზელილი მესამედი ეფა გამტკიცული ფქვილი,

10. ნახევარი ჰინი საღვრელი ღვინო უნდა მიიტანო საცეცხლო მსხვერპლად, სურნელოვან საკმევლად უფლისათვის.

11. ასე უნდა გაკეთდეს თითოეულ ხარზე ან ვერძზე კრავზე თუ თიკანზე.

12. რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით.

13. თითოეულმა მკვიდრმა ასე უნდა გააკეთოს ეს, როცა სწირავს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად.

14. თუ თქვენი მდგმური ან სხვა ვინმე, რომელიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობს თქვენს შორის, დაამზადებს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად, თქვენსავით უნდა მოიქცეს ისიც.

15. შენთვის, კრებულო, და მდგმურისთვის, რომელიც შენთან მდგმურობს, ერთი სამარადისო წესი უნდა იყოს თაობიდან თაობაში. თქვენი თანაბარია მდგმური უფლის წინაშე.

16. ერთი რჯული და ერთი წესი უნდა გქონდეთ თქვენ და მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს.

17. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

18. დაელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც შეგიყვანთ მე,

19. და როცა შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, ღალა უნდა აძლიოთ უფალს.

20. პირველ გამომცხვარი კოკორიც მიეცით ღალად, კალოდან აღებულ ღალასავით მიეცით იგი.

21. პირველგამომცხვარი მიეცით უფალს ღალად თაობიდან თაობებში.

22. თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ ნაანდერძევს, რაც უფალმა გამოუცხადა მოსეს,

23. ყველაფერს, რაც გიანდერძათ უფალმა მოსეს პირით იმ დღიდან, რაც გიანდერძათ უფალმა, და შემდგომ თქვენს თაობებში,

24. თუ საზოგადოების უყურადღებობით მოხდება შეცდომა, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაამზადოს ერთი კურატი აღსავლენად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის და მისი თანმხლები ძღვენი და საღვრელი, წესის თანახმად, და ერთი თხაც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად.

25. შეუნდობს მღვდელი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და ეპატიებათ მათ, რადგან შეცდომით იყო მომხდარი ეს და მათ შესწირეს უფალს თავიანთი შეცდომისთვის საცეცხლო მსხვერპლი და ცოდვის გამოსასყიდი.

26. ეპატიებათ ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და მდგმურს, რომელიც თქვენთან დგას, რადგან შეცდომა მოუვიდა მთელს ერს.

27. თუ ერთი კაცი შესცოდავს შეცდომით, უნდა მიიტანოს წელგამოვლილი თხა ცოდვის გამოსასყიდად.

28. და მღვდელი შეუნდობს შეცდომით შემცოდეს უფლის წინაშე, შეუნდობს და ეპატიება მას.

29. როგორც მკვიდრს ისრაელში, ასევე მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს, ერთი წესი გქონდეთ, როცა შეცდომა მოგივათ.

30. თუ ვინმე თავხედურად მოიქცევა, მკვიდრი იქნება თუ მდგმური, უფლის მგმობელია იგი და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.

31. რადგან არად ჩააგდო უფლის სიტყვა და მისი მცნება დაარღვია, უნდა მოიკვეთოს იგი, დამნაშავეა.

32. ერთხელ, როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.

33. მიიყვანეს მპოვნელებმა შეშის შემგროვებელი კაცი მოსესთან და აარონთან, მთელს საზოგადოებასთან

34. დაუყენეს ყარაული, რადგან არ იყო გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ მას.

35. უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ.

36. გაიყვანა იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკს გარეთ და ჩაქოლეს იგი. მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

37. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

38. დაელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: გაიკეთონ ფოჩები სამოსლის კიდეებზე და ასე ჰქონდეთ თაობიდან თაობაში. ლურჯი ძაფი გაურიონ კიდურა ფოჩს,

39. და გქონდეთ ფოჩში, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება, შეასრულოთ და არ აჰყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზა-კვალს გირევენ თქვენ,

40. რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ჩემს მცნებებს და წმიდა იყვეთ უფლისათვის.

41. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.