ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მეჩვიდმეტე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

2. უთხარი ელეაზარ აარონის ძეს, მღვდელს: აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალში, ცეცხლი კი მოაშორე აქედან, რადგან განწმედილი არიან.

3. ხოლო იმათი საცეცხლურებისგან, რომელიც თავის ცოდვას შეეწირა, ფურცლები გაგლინეთ სამსხვერპლოს მოსაჭედავად. რადგან უფლის წინაშე ჰქონდათ მოტანილი და განიწმიდნენ. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანებს.

4. აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მიტანილი, და გაგლინეს მათგან ფურცლები სამსხვერპლოს მოსაჭედავად.

5. რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა და არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც ეუბნებოდა მას უფალი მოსეს პირით.

6. აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი.

7. როცა შეითქვა საზოგადოება მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიტრიალდნენ სადღესასწაულო კარვისკენ და, აჰა, დაფარა იგი ღრუბელმა და გამოჩნდა უფლის დიდება.

8. მივიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარვის წინ.

9. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

10. გაერიდეთ ამ საზოგადოებას და მე ერთ წამში გადავბუგავ მათ. პირქვე დაემხვნენ ისინი.

11. უთხრა მოსემ აარონს: აიღე საცეცხლური და ჩადე მასში ცეცხლი სამსხვერპლოდან, ჩაყარე საკმეველი, საჩქაროდ წაიღე საზოგადოებასთან და განწმიდე ისინი, რადგან რისხვა გამოვიდა უფლისაგან და იწყება მუსრვა.

12. აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც თქვა მოსემ, მიაშურა კრებულს და, აჰა, დაიწყო მუსრვა ხალხში. ჩაყარა საკმეველი და განწმიდა ხალხი.

13. დადგა იგი დახოცილთა და ცოცხალთა შორის და შეწყდა მუსვრა.

14. გაწყდა მუსვრის დროს თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი, კორახის მიზეზით დახოცილთა გარდა.

15. დაბრუნდა აარონი მოსესთან სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, როცა შეწყდა მუსვრა.

16. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

17. დაელაპარაკე ისრაელიანებს და გამოართვი მათ კვერთხები - თითო კვერთხი თითოეულ შტოს, ყოველ თავკაცს მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, ყოველ კვერთხს თავისი პატრონის სახელი დააწერე.

18. აარონის სახელი ლევიანთა კვერთხს დააწერე, რადგან ერთი კვერთხი ეკუთვნის მათი მამისსახლის თავკაცს.

19. დააწყვე ისინი სადღესასწაულო კარავში აღთქმის კიდობნის წინ, სადაც გეცხადებით თქვენ.

20. ვისაც მე გამოვარჩევ, მისი კვერთხი აყვავდება და ჩავახრჩობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენს წინააღმდეგ.

21. დაელაპარაკა მოსე ისრაელიანებს და მისცა მას ყველა თავკაცმა კვერთხი, თითო კვერთხი თითოეულმა თავკაცმა, მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, აარონის კვერთხიც ერია მათ კვერთხებში.

22. დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე აღთქმის კარავში.

23. მეორე დღეს, როცა მოსე შევიდა აღთქმის კარავში, აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და დამწიფდა ნუში.

24. გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლისაგან ისრაელიანებს, დაინახეს და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი.

25. უთხრა უფალმა მოსეს: დააბრუნე აარონის კვერთხი აღთქმის კიდობნის წინაშე შესანახად, რათა იყოს იგი სასწაულად ურჩთათვის, რომ შეწყდეს მათი ჯანყი ჩემს წინააღმდეგ და არ დაიხოცონ.

26. ასეც მოიქცა მოსე; როგორც უფალმა უბრძანა, ისე გააკეთა მოსემ.

27. ასე უთხრეს ისრაელიანებმა მოსეს: აჰა, ვიხოცებით, ვიღუპებით, ყველანი ვიღუპებით.

28. ვინც კი უფლის კარავთან მიდის ახლოს, კვდება. ნუთუ ყველანი დასაღუპად ვართ განწირული?