ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მეცხრამეტე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს:

2. აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა ბრძანა: უთხარი ისრაელიანებს, გამოარჩიონ ვეჟანა, საღი ფური, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღელი არ სდგმია;

3. მიეცით ელეაზარ მღვდელს, რომ გაიყვანოს ბანაკის გარეთ და დაკლან მის თვალწინ.

4. ამოაწოს ელეაზარ მღვდელმა თითები სისხლში და შვიდგზის ასხუროს სისხლი სადღესასწაულო კარვის წინა მხარეს.

5. დაწვან ფური მის თვალწინ - მისი ტყავი, მისი ხორცი, მისი სისხლი მის ფუნასთან ერთად დაწვან.

6. აიღოს მღვდელმა კედარის ხე, უსუპი და ჭიაფერი ნართი და ჩააგდოს ცეცხლში, სადაც ფური იწვის.

7. გაირეცხოს შესამოსელი მღვდელმა, წყლით დაიბანოს ტანი და ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში. საღამომდე უწმიდური იქნება მღვდელი.

8. ფურის დამწველმაც გაირეცხოს წყალში შესამოსელი და წყლით დაიბანოს ტანი. უწმიდური იქნება საღამომდე.

9. შეაგროვოს ვინმე სუფთამ ფურის ნაცარი და დაყაროს ბანაკის გარეთ, სადმე სუფთა ადგილზე. ექნება ისრაელიანთა საზოგადოებას გამაწმიდავებელი წყლისთვის. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი.

10. შესამოსელი გაირეცხოს ფურის ნაცრის შემგროვებელმა და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ასე იყოს სამარადისო წესად ისრაელიანთათვის და მდგმურთათვის, თქვენს შორის რომ მდგმურობენ.

11. თუ ვინმე მიეკარება მკვდარს, ვინც უნდა იყოს იგი, და უწმიდური დარჩება შვიდ დღეს,

12. ამ წყლით უნდა ჩამოირეცხოს ცოდვა მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და გაწმიდავდება; თუ არ ჩამოირეცხება ცოდვა მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება გაწმიდავებული.

13. ყველა, ვინც კი მიეკარება მკვდარს, და არ ჩამოირეგხავს ცოდვას, უფლის სადგომის წამბილწველია იგი და უნდა მოიკვეთოს ისრაელიდან; რადგან არ სხურებია გამაწმიდავებელი წყალი. უწმიდურია, ჯერ კიდევ უწმიდურებაა მასში.

14. ასეთია რჯული: თუ კარავში კაცი მოკვდება, ყოველი კარავში შემსვლელი და ყოველი კარავში მყოფი შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება.

15. ყოველი თავღია ჭურჭელი, რომელიც არ არის მჭიდროდ დახურული ან თავშეკრული, უწმიდურია.

16. ყველა, ვინც მახვილით მოკლულს ან მკვდარს, ან კაცის ძვალს ან სამარხს მიეკარება ველზე, შვიდ დღეს გაუწმიდურებულია.

17. აიღონ გაუწმიდურებულისათვის დამწვარი მსხვერპლის ნაცარი, ჩაყარონ ჭურჭელში და ზედ ცოცხალი წყალი დაასხან;

18. აიღოს ვინმე სუფთა კაცმა უსუპი და დაასველოს წყალში, ასხუროს კარავს, ყოველ ჭურჭელს, ყოველ კაცს ვინც იქ არის, ყველას, ვინც ძვალს, ან მოკლულს, ან მჯდარს, ან სამარხს მიჰკარებია.

19. ასხუროს სუფთამ გაუწმიდურებულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და ჩამოერეცხება ცოდვა მეშვიდე დღეს. გაირეცხოს ტანისამოსი, წყალში იბანოს და საღამოთი გაწმიდავებული იქნება.

20. თუ ვინმე გაუწმიდურებულია და არ ჩამოირეცხავს ცოდვას, უნდა მოიკვეთოს იგი საზოგადოებიდან, რადგან წაბილწა უფლის საწმიდარი: გამაწმიდავებელი წყალი არ უსხურებია, უწმიდურია იგი.

21. იყოს მათთვის სამარადისო აღთქმად: გამაწმიდავებელი წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს ტანსაცმელი; გამაწმიდავებელ წყალს მიკარებულიც უწმიდურია საღამომდე.

22. ყველაფერი, რასაც უწმიდური მიეკარება, გაუწმიდურდება; მიკარებულიც გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.