1. მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში. იქ მოკვდა მირიამი და იქვე დამარხეს.
2. არ ჰქონდა წყალი საზოგადოებას და შეითქვნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ.
3. აუყვირდა ხალხი მოსეს და ასე უთხრა: ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით უფლის წინაშე.
4. რისთვის მოგვიყვანე უფლის კრებული ამ უდაბნოში, ჩვენი და ჩვენი საქონლის გასაწყვეტად?
5. რისთვის ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან ამ უბედურ არემარეში, სადაც არ არის თესლის ადგილი, არც ლეღვი, არც ყურძენი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალია?
6. გადგნენ მოსე და აარონი კრებულისგან სადღესასწაულო კარვის შესასვლელისკენ, პირქვე დაემხნენ და გამოეცხადა მათ უფლის დიდება.
7. ელაპარაკა უფალი მოსეს, უთხრა:
8. აიღე კვერთხი და შეჰყარეთ საზოგადოება შენ და შენმა ძმამ, აარონმა. დაელაპარაკეთ მათ თვალწინ კლდეს და მოგცემთ იგი წყალს. ამოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან და დაარწყულებ მთელს საზოგადოებას მათი საქონელითურთ.
9. აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისგან.
10. შეჰყარა მოსემ და აარონმა საზოგადოება კლდის წინ. უთხრა მათ: ყური მიგდეთ, ურჩებო! ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?
11. აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა.
12. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული.
13. ეს არის მტრობის წყალი, სადაც ედავებოდნენ ისრაელიანები უფალს და რითაც წმიდად გამოჩნდა იგი.
14. გაუგზავნა მოსემ კადეშიდან მოციქულები ედომის მეფეს: ასე ამბობს შენი ძმა ისრაელი: შენ იცი ყველა უბედურება, რაც შემემთხვა.
15. ჩავიდა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტეს და ვცხოვრობდით ეგვიპტეში მრავალი ხანი. ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას.
16. შევღაღადეთ უფალს და მან ისმინა ჩვენი ხმა, გამოგვიგზავნა ანგელოზი და გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ შენს მოსაზღვრე ქალაქში.
17. გაგვატარე შენს ქვეყანაზე: არ გადავუვლით შენს ყანებს და ვენახებს, არ დავლევთ შენი ჭის წყალს; სამეფო გზით ვივლით, არც მარჯვნივ გავუხვევთ, არც მარცხნივ, ვიდრე შენს საზღვარს არ გავცდებით.
18. უთხრა ედომმა: არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით დაგხვდები.
19. მიუგეს ისრაელიანებმა: მთავარი გზით წამოვალთ. თუ შენს წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საზღაურს გადაგიხდი. ეს იქნება და ეს, ჩემი ფეხით გავივლი.
20. მიუგო: ვერ გაივლი. გამოვიდა მის დასახვედრად ედომი დიდძალი ხალხით და მაგარი ხელით.
21. არ დაანება ედომმა ისრაელს გავლა თავის საზღვარზე და გაერიდა მას ისრაელი.
22. დაიძრნენ კადეშიდან და მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ჰორის მთასთან.
23. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვართან:
24. შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო,რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.
25. ხელი მოჰკიდე აარონს და მის ძეს ელეაზარს, და ჰორის მთაზე აიყვანე.
26. გახადე სამოსელი აარონს და მით ელეაზარი, მისი ძე შემოსე. შეერთოს აარონი და მოკვდეს იქ.
27. ისე მოიქცა მოსე, როგორც უბრძანა მას უფალმა. ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი საზოგადოების თვალწინ.
28. გახადა მოსემ აარონს სამოსელი და მით ელეაზარი, მისი ძე, შემოსა. მოკვდა აარონი იქ მთაზე და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან.
29. დაინახა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოკვდა აარონი, და დასტიროდა აარონს მთელი ისრაელის სახლი ოცდაათ დღეს.