ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი ოცდამეერთე

1. გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ ათარიმის გზით მოდიოდა ისრაელი, შეებრძოლა ისრაელს და მოსტაცა ტყვეები.

2. აღთქმა მისცა ისრაელმა უფალს და თქვა: თუ ხელში ჩამაგდებინებ ამ ხალხს, დავარისხებ მათ ქალაქებს.

3. უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი. მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა (ნარისხალი).

4. დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვის გზით, რომ შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.

5. საყვედურით დაუწყო ხალხმა ლაპარაკი უფალს და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა.

6. მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათ დაკბინეს ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში.

7. მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგცილდეს გველი. ილოცა მოსემ ხალხისათვის.

8. უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება.

9. გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა.

10. დაიძრნენ ისრაელიანები და ობოთში დაბანაკდნენ.

11. დაიძრნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, მოაბის გასწვრივ რომ არის, მზის აღმოსავლეთისკენ.

12. დაიძრნენ იქიდან და ზარედის ხევში დაბანაკდნენ.

13. დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ არნონთან, უდაბნოში, სადაც არნონი ამორეველთა საზღვრიდან გამოდის, რადგან იგი მოაბისა და ამორეველთა საზღვარია.

14. ამიტომაც არის ნათქვამი საუფლო ბრძოლების წიგნში: ვაჰები ქარიშხალში და არნონის ღვარები.

15. ეშვება ღვარები და უხვევს, რომ დამდოვრდეს ყართან და მიადგეს მოაბის საზღვარს.

16. იქიდან ბეერში. ეს ის ბეერია (ჭა), რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: შეკრიბე ხალხი და მე მივცემ მათ წყალს.

17. მაშინ იმღერა ისრაელმა ეს სიმღერა: აივსე, ჭაო! უმღერეთ მას!

18. ჭა, რომელიც ამოიღეს მთავრებმა, ამოთხარეს ერის თავკაცებმა კვერთხით - თავიანთი არგნებით. უდაბნოდან მათანისკენ.

19. მათანიდან ნახალიელში, ნახალიელიდან ბამოთში.

20. ბამოთიდან გავიდნენ დაბლობზე, მოაბის ველზე რომ არის, ფისგას მთასთან, უდაბნოსკენ რომ იყურება.

21. გაუგზავნა მოციქულები ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს და შეუთვალა:

22. გამატარე შენს ქვეყანაზე; არ შევალთ ყანებში და ვენახებში, არ დავლევთ ჭის წყალს; სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე შენი საზღვრიდან არ გავალთ.

23. არ დაანება სიხონმა თავის საზღვარზე გავლა; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი და გავიდა ისრაელის დასახვედრად უდაბნოში; მივიდა იაჰელაში და შეებრძოლა ისრაელს.

24. მოსრა იგი ისრაელმა მახვილით და დაეპატრონა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ქვეყანამდე, რადგან გამაგრებული იყო ყამონელთა საზღვარი.

25. აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დაიწყო ისრაელმა ცხოვრება ამორეველთა ყველა ამ ქალაქში, ხეშბონში და მთელს მის დაბა-სოფლებში.

26. რადგან ხეშბონი ამორეველთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო. მან ბრძოლა გაუმართა მოაბის წინანდელ მეფეს და წაართვა მთელი ქვეყანა არნონამდე.

27. ამიტომაც ამბობენ მეიგავარაკენი: წადით ხეშბონს, აშენდება და განმტკიცდება სიხონის ქალაქი.

28. რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის ქალაქიდან, შთანთქა ყარ-მოაბი, არნონის გორაკთა პატრონები.

29. ვაი შენ, მოაბო! განადგურდი, ქამოშის ხალხო! თავისი ვაჟები ლტოლვილებად აქცია, თავისი ქალები ამორეველთა მეფის, სიხონის, ტყვეებად.

30. დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის!

31. დაიწყო ცხოვრება ისრაელმა ამორეველთა ქვეყანაში.

32. გაგზავნა კაცები მოსემ იაზერის დასაზვერად და აიღეს მისი დაბა-სოფლები და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები.

33. გამობრუნდნენ და დაადგნენ ბაშანის გზას. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ედრეიში საბრძოლველად.

34. უთხრა უფალმა მოსეს: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდებ მას და მთელს მის ჯარს, მთელს მის ქვეყანას. იმასვე უყოფ მას, რაც უყავი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ ცხოვრობდა.

35. მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და მთელს მის ქალაქს, ისე რომ არავინ გადარჩენილა, და დაისაკუთრეს მისი ქვეყანა.