ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი ოცდამეორე

1. დაიძრნენ ისრაელიანები და დაბანაკდნენ მოაბის ველზე, იორდანეს გაღმა, იერიქონს ქვემოთ.

2. დაინახა ბალაკ ციფორის ძემ ყველაფერი, რაც ისრაელმა უყო ამორეველებს.

3. დიდად შეეშინდა მოაბს ამ ხალხისა, რადგან ბევრნი იყვნენ და დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე.

4. უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: ახლა გადაჭამს ეს ურდო ყველაფერს ჩვენს გარშემო, როგორც ნახირი გადაჭამს ხოლმე მინდვრის ბალახს. ბალაკ ციფორის ძე იყო იმხანად მოაბის მეფე.

5. გაუგზავნა მოციქულები ბალაამ ბეყორის ძეს ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს, მისი ხალხის ქვეყანაში, და დააბარა, რომ ეთქვათ: აჰა, ერთი ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. აჰა, დაფარა მან მიწის პირი და ჩემს ახლოს დასახლდა.

6. ახლა, მოდი და დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი. იქნებ მაშინ შევძლო მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა, რადგან ვიცი, ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც სწყევლი, დაწყევლილია.

7. წავიდნენ მოაბის უხუცესები და მიდიანის უხეცესები, და სამისნო ძღვენით ხელში მივიდნენ ბალაამთან. უთხრეს მას ბალაკის დანაბარები.

8. მიუგო მათ: აქ გაათიეთ ეს ღამე და გეტყვით პასუხს, რასაც უფალი გამომიცხადებს. დარჩნენ მოაბის თავკაცები ბალაამთან.

9. გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და უთხრა: ეს ვინ კაცებია შენთან?

10. მიუგო ბალაამმა ღმერთს: ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს, გამოუგზავნია ჩემთან.

11. აჰა, ერთი ხალხი გამოვიდაო ეგვიპტიდან, და მიწის პირი დაფარაო. ახლა მოდი და შემიჩვენეო იგი, იქნებ შევძლოთ მათთან შებრძოლება და მათი განდევნა.

12. უთხრა ღმერთმა ბალაამს: ნუ წაჰყვები მათ, ნუ დასწყევლი მაგ ხალხს, რადგან კურთხეულია იგი.

13. ადგა ბალაამი დილით და უთხრა ბალაკის თავკაცებს: წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან არ უნდა უფალს, რომ გამოგყვეთ.

14. ადგნენ მოაბის თავკაცები და დაბრუნდნენ მოაბთან, უთხრეს: არ მოინდომა ბალაამმა ჩვენთან წამოსვლა.

15. ისევ გააგზავნა ბალაკმა თავკაცები, მათზე უფრო დიდებულნი და პატივსაცემნი.

16. მივიდნენ ბალაამთან და უთხრეს: ასე ამბობს ბალაკ ციფორის ძე: უარს ნუ ამბობ ჩემთან მოსვლაზე.

17. რადგან დიდ პატივს მოგაგებ და რასაც მეტყვი, ყველაფერს გაგიკეთებ. მოდი, შემიჩვენე ეს ხალხი.

18. მიუგო ბალაამმა ბალაკის მსახურებს: თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას, ვერც მცირეს რასმე გავაკეთებ, ვერც დიდს.

19. თქვენ ახლა დარჩით აქ ამაღამ და გავიგებ, კიდევ რას მეტყვის უფალი.

20. მივიდა ღმერთი ბალაამთან ღამით და უთხრა: თუ შენს დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და წაჰყევი მათ. ოღონდ როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი.

21. ადგა ბალაამი დილით, შეკაზმა სახედარი და წაჰყვა მოაბის თავკაცებს.

22. აინთო ღვთის რისხვა მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ის კი შემჯდარიყო თავის სახედარზე და მიდიოდა ორი მსახური ბიჭის თანხლებით.

23. დაინახა სახედარმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია გზიდან და წავიდა ყანებზე, მინდვრებზე. დაუწყო ცემა ბალაამმა სახედარს, რომ მოებრუნებინა გზისკენ.

24. დადგა უფლის ანგელოზი ბილიკზე ვენახებს შორის, ერთ მხარესაც ღობე იყო, მეორე მხარესაც ღობე.

25. დაინახა თუ არა სახედარმა უფლის ანგელოზი, აეკრა კედელს და ბალაამის ფეხიც მიაჭყლიტა ზედ. ისევ დაუწყო ცემა ბალაამმა.

26. ისევ დაიძრა უფლის ანგელოზი და ჩადგა ვიწროში, საიდანაც არც მარჯვნივ იყო გასახვევი გზა და არც მარცხნივ.

27. დაინახა სახედარმა უფლის ანგელოზი და ჩაიკეცა ბალაამის ქვეშ. გაბრაზდა ბალაამი და ჯოხი დასცხო სახედარს.

28. გაუხსნა ბაგე უფალმა სახედარს და უთხრა სახედარმა ბალაამს: რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ?

29. უთხრა ბალაამმა სახედარს: რა და, მასხრად ამიგდე. მახვილი რომ მქონდეს ხელში, ახლავე მოგკლავდი.

30. უთხრა სახედარმა ბალაამს: განა შენი სახედარი არა ვარ, რომლითაც დადიხარ უკვე რა ხანია დღემდე? ოდესმე თუ მოგქცევივარ ასე? მიუგო: არა.

31. აუხილა უფალმა თვალი ბალაამს და დაინახა ბალაამმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში. თაყვანისცა და პირქვე დაემხო.

32. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: რისთვის სცემ შენს სახედარს უკვე მესამეჯერ? აჰა, შენს დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში.

33. დამინახა სახედარმა და უკვე მესამეჯერ გადაუხვია ჩემგან. რომ არ გადაეხვია, შენ მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი.

34. უთხრა ბალაამმა უფლის ანგელოზს: შევცოდე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ იყავი ჩემს გზაზე გადამდგარი. ახლა კი, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან გავბრუნდები ჩემთვის.

35. უთხრა უფლის ანგელოზმა ბალაამს: წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი. წაყვა ბალაამი ბალაკის თავკაცებს.

36. გაიგო ბალაკმა, რომ მოდის ბალაამი, და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბის ქალაქისკენ, რომელი არნონის საზღვართან მდებარეობს, ზედ საზღვარზე.

37. უთხრა ბალაკმა ბალაამს: ხომ გამოვგზავნე ხალხი შენს დასაძახებლად? რატომ არ მოდიოდი ჩემთან? ნუთუ მართლა ვერ შევძლებ შენს პატივისცემას?

38. უთხრა ბალაამმა ბალაკს: აჰა, მოვედი შენთან. განა შემიძლია ახლა რაიმეს თქმა? რასაც ღმერთი ჩამიდებს ბაგეებში, იმას ვიტყვი.

39. გაჰყვა ბალაამი ბალაკს და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში.

40. დაკლა ბალაკმა ხარები და ცხვრები და გაუგზავნა ბალაამს და მის თანმხლებ თავკაცებს.

41. მეორე დილით ადგა ბალაკი და ბაალის გორაკებზე აიყვანა ბალაამი. დაინახა იქიდან ბალაამმა ხალხის ნაწილი.