1. დაინახა ბალაამმა, რომ ისრაელის დალოცვა უფალს უნდოდა, და არ შეუდგა წინანდებურად გრძნეულებას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.
2. გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.
2. წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,
4. ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგონისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან; ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.
5. რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ! შენი სადგომები, ისრაელ!
6. როგორც გაშლილი ჭალები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვები, როგორც წყლისპირა კედრები.
7. იდინებს წყალი მისი სარწყულებიდან და მისი თესლი დიდ წყლებში იქნება; აგაგზე უფრო ამაღლდება მისი მეფე და აღზევდება მისი სამეფო.
8. ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის; ჭამს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით გმირავს.
9. ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს? დალოცვილია შენი დამლოცველი და დაწყევლილია შენი მაწყევარი.
10. რისხვით აინთო ბალაკი ბალაამის მიმართ, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა ბალაკმა ბალაამს: ჩემი მტრების შესაჩვენებლად დაგიძახე, შენ კი უკვე მესამეჯერ ლოცავ მათ.
11. ახლა გაიქეცი შენს ადგილას. ვიფიქრე, პატივს გცემ-მეთქი და, აჰა, დაგიკავა პატივი უფალმა.
12. უთხრა ბალაამმა ბალაკს: ხომ ვუთხარი შენს გამოგზავნილ მოციქულებს:
13. თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის, ბრძანებას, ვერც კარგს გავაკეთებ, ვერც ცუდს-მეთქი ჩემი ნებით; რასაც უფალი იტყვის, მეც იმას ვიტყვი-მეთქი?
14. ახლა მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი, გაგიცხადებ, რას უზამს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში.
15. და წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა;
16. ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგებისა, უზენაესის ზრახვათა შემცნობისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან, ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.
17. ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას.
18. საკუთრება გახდება ედომი, თავისი მტრების საკუთრება გახდება სეყირი, ხოლო ისრაელი გამოაჩენს ძალას.
19. დაეპატრონება იაკობისაგანი და გაანადგურებს ქალაქში დარჩენილთ.
20. დაინახა ყამალეკი და წარმოთქვა თავისი იგავი: პირველი ხალხია ყამალეკი, მაგრამ საბოლოოდ დაიღუპება.
21. დაინახა კენიელები და წარმოთქვა თავისი იგავი: მაგარია შენი სამყოფელი და კლდეზე მოგიწყვია ბუდე.
22. თუ გაპარტახდა კაენი, როდემდის ეყოლები ტყვედ აშურს?
23. წარმოთქვა თავისი იგავი: ვაი, ვინ იქნება ცოცხალი, როცა ამას მოახდენს ღმერთი?
24. მოვლენ ხომალდები ხეთელებისგან და მოთრგუნავენ აშურს, მოთრგუნავენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან.
25. ადგა ბალაამი და წავიდა, დაბრუნდა თავის მხარეში. წავიდა თავისი გზით ბალაკიც.