ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი ოცდამეხუთე

1. როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან.

2. იწვევდნენ ის ქალები ხალხს თავიანთ ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს.

3. შეეთვისა ისრაელი ბაალ-ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ.

4. უთხრა უფალმა მოსეს: აიღე და ჩამოუკიდე უფალს მზისით ხალხის ყველა თავკაცი და გადავა უფლის რისხვა ისრაელისგან.

5. უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: მოკლას თითოეულმა თავისი კაცები, ვინც კი ბაალ-ფეღორს ან შეთვისებულები.

6. აი, მოვიდა ერთ-ერთი ისრაელიანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ.

7. დაინახა ეს აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ ფინხასმა, წამოდგა საზოგადოებაში და ხელში შუბი იპყრა.

8. შეჰყვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს - ისრაელიანს და ქალს - მუცელში. და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება.

9. გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი.

10. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

11. ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემს გამო, და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით.

12. ამიტომ უთხარი: აჰა, მე ვაძლევ მას ზავის აღთქმას.

13. იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება.

14. სახელი მოკლული ისრაელიანისა, რომელიც მოიკლა მიდიანელ ქალთან ერთად, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონიანთა მოდგმის თავკაცი.

15. სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, უბოთის მეთაურის. მიდიანის მოდგმისა იყო იგი.

16. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

17. ემტერეთ მიდიანელებს და მუსრი ავლეთ,

18. რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცთუნეს ფეღორით და ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა ფეღორის გამო თავსდამტყდარი განადგურების დღეს.