ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი ოცდამეშვიდე

1. გამოვიდნენ ასულნი ცელაფხადისა, ძისა ხეფერისა, ძისა გალაადისა, ძისა მაქორისა, ძისა მენაშესი, მენაშეს, იოსების ძის, საგვარეულოდან (მის ასულებს სახელად ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგდა, მილქა და თირცა),

2. და წარუდგნენ მოსეს, ელეაზარ მღვდელს, თავკაცებს და მთელს საზოგადოებას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, უთხრეს:

3. მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა იგი უფლის წინააღმდეგ შეთქმულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვის გამო მოკვდა და ვაჟები არ ჰყოლია.

4. რატომ უნდა გაქრეს მამაჩვენის სახელი მის საგვარეულოდან, იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავს? მოგვეცით ჩვენ სამკვიდრო მამაჩვენის ძმებს შორის.

5. უფლის წინაშე მიიტანა მოსემ მათი სამართალი.

6. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

7. მართალს ამბობენ ცელაფხადის ასულნი. უნდა მისცე მათ საკუთარი სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის, მათზე უნდა გადაიტანო მათი მამის სამკვიდრო.

8. ისრაელიანვბს ასე უთხარი: თუ ვინმე მოკვდა და ვაჟი არ დარჩა, მისი სამკვიდრო მის ასულზე გადაიტანეთ.

9. თუ ასული არ ჰყავს, მისი სამკვიდრო მის ძმებს მიეცით.

10. თუ ძმები არ ჰყავს, მისი სამკვიდრო მამამისის ძმებს მიეცით.

11. თუ მამამისს ძმები არ ჰყავს, მიეცით მისი სამკვიდრო მის ახლო ნათესავს მისი საგვარეულოდან, რათა დაესაკუთროს მას. იყოს ეს ისრაელიანთათვის სამართლის წესად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

12. უთხრა უფალმა მოსეს: ადი ამ ყაბარიმის მთაზე და გადახედე ამ ქვეყანას, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული.

13. დაინახავ მას და შენც შეერთვი შენს ხალხს, როგორც შენი ძმა, აარონი, შეერთო.

14. რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა უთანხმოება ჩამოვარდა საზოგადოებაში, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო მათ თვალწინ, წყლებთან (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში).

15. ასე უთხრა მოსემ უფალს:

16. დაუდგინოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ საზოგადოებას,

17. ვინც გამოვა მათ წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც გამოიყვანს მათ და ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის საზოგადოება უმწყემსოდ დარჩენილ ფარას.

18. უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი.

19. დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი საზოგადოების წინაშე და დამოძღვრე ყველას თვალწინ.

20. უწილადე შენი დიდება, რომ ემორჩილებოდეს მას ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.

21. ელეაზარ მღვდელს წარუდგება იგი და გამოიკითხავს მისგან ურიმის სამართალს უფლის წინაშე. მისი ბრძანებით გმოვლენ და მისი ბრძანებით შევლენ ის და მთელი ისრაელობა მასთან ერთად და მთელი საზოგადოება.

22. ყველაფერი შეასრულა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა. წაიყვანა იესო და წარუდგინა ელეაზარ მღვდელს და მთელს საზოგადოებას,

23. დაასხა მას ხელთ და დამოძღვრა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.