ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი ოცდამერვე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

2. უბრძანე ისრაელიანებს და უთხარი მათ: გახსოვდეთ, თავის დროზე შემომწიროთ საჩემო შესაწირავი, საჩემო პური, ჩემი საცეცხლო მსხვერპლისთვის, საჩემო კეთილსურნელება.

3. უთხარი მათ: აი, საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ უფალს: ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი დღეში, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი.

4. ერთი ცხვარი დილით შესწირე, მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე.

5. საძღვნოდ - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ჰინის მეოთხედ სუფთა ზეთში აზელილი.

6. მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი, რომელიც შეწირული იყო სინაის მთაზე კეთილსურნელებისთვის, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.

7. საღვრელად ჰინის მეოთხედი თითო ცხვარზე, განწმედილ ადგილზე დაუღვარე უფალს საღვრელი ზედაშე.

8. მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე: დილანდელი ძღვენითა და საღვრელითურთ შესწირე საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს.

9. შაბათ დღეს ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი და საძღვნოდ ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, და მისი საღვრელი.

10. ეს არის საშაბათო აღსავლენი შაბათობით მუდმივი აღსავლენისა და მისი საღვრელის გარდა.

11. ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ აღსავლენად უფალს: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.

12. საძღვნოდ ეფის სამი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო კურატზე და ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ვერძზე.

13. საძღვნოდ ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ცხვარზე. აღსავლენი, კეთილსურნელება, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.

14. მათი საღვრელი-ჰინის ნახევარი კურატზე, ჰინის მესამედი ვერძზე, ჰინის მეოთხედი ცხვარზე. აი, ეს არის საახალმთვარეო აღსავლენი მსხვერპლი წელიწადის ყოველ თვეს.

15. ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად უფალს; მუდმივ აღსავლენ მსხვერპლის გარდა შესწირე მის საღვრელთან ერთად.

16. პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, უფლის პასექია.

17. ამ თვის მეთხუთმეტე დღეს დღესასწაულია: შვიდ დღეს ხმიადები უნდა იჭამოს.

18. პირველ დღეს წმიდა უქმეა: არაფერი საქმე არ უნდა აკეთოთ.

19. შესწირეთ უფალს საცეცხლო აღსავლენი მსხვერპლი: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი, საღები უნდა გყავდეთ.

20. მათთან ერთად შესწირეთ ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე და ეფის ორი მეათედი ვერძზე.

21. ეფის მეათედი შესწირეთ თითო ცხვარზე იმ შვიდთაგან.

22. ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, რათა მიგეტეოთ.

23. გარდა დილის აღსავლენი მსხვერპლისა, რომელიც მუდმივი აღსავლენი მსხვერპლია, შესწირეთ ესენი.

24. ასე გააკეთეთ ყოველდღე შვიდღეულში: პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელება შესწირეთ საღვრელთან ერთად, გარდა აღსავლენი მსხვერპლისა.

25. მეშვიდე დღეს წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ.

26. პირველნაყოფობის დღეს, როცა ახალი ძღვენი მიგაქვთ უფლისათვის, თქვენს შვიდღეულებში, წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ.

27. შესწირეთ უფალს აღსავლნი კეთილსურნელებისთვის: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი ორწლიანი ცხვარი,

28. საძღვნოდ მათთვის: გამტკიცული ფქვილი, ზეთში არეული, ეფის სამი მეათედი თითო კურატზე, ორი მეათედი თითო ვერძზე.

29. ეფის მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან,

30. ერთიც ვაცი თქვენი მიტევებისთვის.

31. გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა და მისი ძღვენისა, შესწირეთ ესენი - საღი უნდა გყავდეთ - მათთვის განკუთვნილი საღვრელთან ერთად.