1. მეშვიდე თვეში, თვის პირველში, წმიდა წვეულება გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ, ბუკისცემის დღე იყოს თქვენთვის.
2. შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.
3. და მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ვერძზე,
4. ეფის ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან,
5. და ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, რათა მოგეტეოთ.
6. გარდა ახალმთავრობის აღსავლენისა და მისი ძღვენისა, მუდმივი აღსავლენისა და მისი ძღვენისა და საღვრელისა, წესის მიხედვით, კეთილსურნელება უფლისათვის საცეცხლო მსხვერპლად.
7. ამ მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი თავი, არაფერი საქმე არ აკეთოთ.
8. შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი ცხვარი - საღები უნდა გყავდეთ.
9. მათი ძღვენი, გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ერთ ვერძზე,
10. ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან.
11. ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისა მიტევებისას, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა თავისი ძღვნითურთ და მათთვის განკუთვნილი საღვრელისა.
12. მეშვიდე თვის თხუთმეტში წმიდა წვეულება გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ შვიდ დღეს უფლის დღესასწაული.
13. შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ცამეტი კურატი, ორი ვერძი, და თოთხმეტი წელგამოვლილი ცხვარი. საღები უნდა იყვნენ.
14. მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი - ეფის სამი მეათედი თითო კურატზე ცამეტი კურატიდან, ორი მეათედი თითო ვერძზე ორი ვერძიდან,
15. მეათედი თითო ცხვარზე თოთხმეტი ცხვრიდან,
16. ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
17. მეორე დღეს: თორმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
18. ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
19. ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენის, მისი ძღვენისა და მათი საღვრელისა.
20. მესამე დღეს: თერთმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ბატკანი,
21. პურის შესაწირავი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ბატკნებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად;
22. ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
23. მეოთხე დღეს: ათი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
24. ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
25. ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
26. მეხუთე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
27. ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
28. ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
29. მეექვსე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი ერთწლიანი საღი ბატკანი,
30. ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
31. ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
32. მეშვიდე დღეს: შვიდი კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
33. ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
34. ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა. მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
35. მერვე დღეს უქმობა მქონდეთ: არაფერი საქმე არ გააკეთოთ.
36. შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი, შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
37. ძღვენი და საღვრელი კურატისთვის, ვერძისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
38. ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა. და მისი საღვრელისა.
39. ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, თქვენს მიერ მიცემულ აღთქმათა, სამოწყალო შესაწირავთა, აღსავლენთა, ძღვენთა, საღვრელთა და სამადლობელ მსხვერპლთა გარდა.