ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მესამე

1. ეს იყო აარონისა და მოსეს შთამომავლობა იმხანად, როცა უფალი ელაპარაკებოდა მოსეს სინაის მთაზე;

2. ესენია აარონიანთა სახელები: პირმშო, ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.

3. ესენია აარონიანთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომლებიც სამღვდლოდ აკურთხა მან.

4. დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, რადგან უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში; შვილები არ ჰყოლიათ მათ. მღვდლობდნენ ელიაზარი და ითამარი თავიანთი მამის, აარონის გვერდით.

5. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

6. მოიყვანე ლევის შტო და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე, რათა ემსახურონ მას.

7. შეასრულონ მოვალეობა მისადმი და მთელი საზოგადოებისადმი სადღესასწაულო კარვის წინ, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური.

8. დაიცვან სადღესასაწულო კარვის მთელი ჭურჭელი და მოვალეობა ისრაელიანთადმი, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური.

9. ჩააბარე ლევიანები აარონს და მის შვილებს; მას უნდა ჰყავდეთ ისინი ჩაბარებულნი ისრაელიანთაგან.

10. დაავალე აარონს და მის შვილებს, გასწიონ მღვდლობა; გარეშე, ვინც მიეკარება, მოკვდება.

11. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

12. აჰა, ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა შორის ნაცვლად ყოველი პირმშოსი, საშოს გამხსნელისა ისრაელიანთაგან. ჩემები არიან ლევიანები,

13. რადგან ჩემია ყველა პირმშო. იმ დღეს, როცა დავხოცე ყველა პირმშო ეგვიპტელთა ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში ადამიანიდან პირუტყვამდე; ჩემები არიან. მე ვარ უფალი.

14. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში და უთხრა:

15. აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლების და საგვარეულოების მიხედვით; ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული აღრიცხე.

16. აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა.

17. ესენი იყვნენ ლევიანები სახელდებით: გერშონი, კეჰათი და მერარი;

18. ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმყი.

19. კაჰათიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: აბრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.

20. მერარიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: მახლი და მუში. ესენია ლევიანთა საგვარეულოებები მამისსახლთა მიხედვით.

21. გერშონიდან მოდის ლიბნის საგვარეულო და მიმეის საგვარეულო; ესენია გერშონიანთა საგვარეულოები.

22. ყველა აღრიცხული მამროვანი, ერთი თვიდან მოყოლებული სულ იყო შვიდი ათას ხუთასი.

23. გერშონიანთა საგვარეულოებმა სავანის უკან დასავლეთით უნდა დაიბანაკონ.

24. გერშონიანთა მამისსახლის თავკაცი - ელიასაფ ლაელის ძე.

25. გერშონიანებს სადღესასწაულო კარავში ებარათ: სავანე მისი გადასახურავითურთ და ფარდა, სადღესასწაუღო კარავში შესასვლელი.

26. ეზოს კრეტსაბმელები, სავანისა და სამსხვერპლოს გარშემო მდებარე ეზოს შესასვლელის ფარდა, მისი ბაგირები და მთელი მისი აღჭურვილობა.

27. კეჰათიდან მოდის აბრამის საგვარეულო, იცჰარის სგვარეულო, ხებრონის საგვარეულო და ყუზიელის საგვარეულო. ესენია კეჰათის საგვარეულოები.

28. რიცხვი ყველა მამროვანისა ერთი თვიდან მოყოლებული იყო რვა ათას ექვსასი, საწმიდარის სამსახურის აღმსრულებელნი.

29. კეჰათიანთა საგვარეულოებები სავანის გვერდით უნდა დაბანაკდნენ, სამხრეთის მხარეს.

30. კეჰათიანთა მამისსახლის თავკაცი იყო ელიცაფან ყუზიელის ძე.

31. მათ ებარათ კიდობანი, ტაბლა, სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლები, მსახურების დროს გამოსაყენებელი, ფარდა და მთელი ჩემი მოწყობილობა.

32. ლევიანთა თავკაცების თავკაცი იყო ელიაზარი, აარონ მღვდლის შვილი; მინდობილი ჰქონდა ზედამხედველობა მათზე, ვინც საწმიდარს ემსახურებოდა.

33. მერარიდან მოდის მახლის საგვარეულო და მუშის საგვარეულო. ესენია მერარის საგვარეულობები.

34. რიცხვი ყველა მამროვანისა, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო ექვსი ათას ორასი.

35. მერარის საგვარეულოს მამისსახლის თავკაცი იყო ცურიელ აბახაილის ძე. სავანის გვერდით უნდა დაიბანაკონ მათ, ჩრდილოეთის მხარეს.

36. მერარიანებს ებარათ სავანის ძელები, მისი ლარტყები, სვეტები ფეხებითურთ, მთელი მისი აღჭურვილობა და მთელი მისი მოწყობილობა.

37. ეზოს სვეტები ირგვლივ მათი ფეხებითურთ, პალოები და ბაგირები.

38. სავანის წინ, აღმოსავლეთით, სადღესასწაულო კარვის წინ აღმოსავლეთით დაიბანაკებენ მოსე და აარონი თავისი შვილებითურთ, რომელთაც ევალებათ საწმიდარის დაცვა ისრაელიანთა შორის. გარეშე, ვინც კი მიუახლოვდება, მოკვდება.

39. ყველა აღრიცხული ლევიანი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვისამებრ მათი საგვარეულობების მიხედვით, ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული, სულ იყო ოცდაორი ათასი.

40. უთხრა უფალმა მოსეს: აღრიცხე ყველა პირმშო მამროვანი ისრაელიანთა შორის, ერთი თვიდან მოყოლებული, და აღნუსხე მათი სახელები.

41. განმიკუთვნე ლევიანები (მე ვარ უფალი) ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანებში და ლევიანთა პირუტყვი ყველა პირველმოგებულის ნაცვლად ისრაელიანების პირუტყვში.

42. აღრიცხა მოსემ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლისაგან, ყოველი პირმშო ისრაელიანებში.

43. ყველა პირმშო მამროვანი სახელთა რიცხვის მიხედვით, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო სულ ოცდაორი ათას ორასსამოცდაცამეტი.

44. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს.

45. აიყვანე ლევიანები ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანთაგან და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად. ჩემი არიან ლევიანები. მე ვარ უფალი.

46. იმ ორას სამოცდაცამეტი კაცის გამოსასყიდად, რომ მეტობენ ლევიანებს ისრაელიანთა პირმშოები,

47. აიღე ხუთ-ხუთი შეკელი კაცზე, საწმიდარის შეკელით აიღე (ოცი გერაა შეკელში),

48. და ჩააბარე ვერცხლი აარონს და მის შვილებს ზედმეტის გამოსასყიდად.

49. აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ზედმეტთაგან ლევიანთა გამოსასყიდად.

50. ისრაელიანთა პირმშოთაგან აიღო ათას სამას სამოცდახუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელის მიხედვით.

51. ჩააბარა მოსემ გამოსყიდულთა ვერცხლი აარონს და მის შვილებს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.