ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი ოცდამეათე

1. გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი ისე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

2. ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანების შტოთა მეთაურებს: აჰა, რაც ბრძანა უფალმა:

3. ვინც აღთქმას მისცემს უფალს ან ფიცით დაიფიცებს, რასმე აღუკვეთს თავისთავს, არ უნდა შეშალოს თავისი სიტყვა, ყველაფერი უნდა შეასრულოს, რაც მისი ბაგეებიდან არის გამოსული.

4. თუ ქალი ვინმე აღთქმას მისცემს უფალს და რასმე აღიკვეთს მამისეულ სახლში სიყმაწვილისას,

5. მამამისიც გაიგებს მის აღთქმას და აღკვეთას, რაც მან თავის თავს აღუკვეთა, და არაფერს ეტყვის, უნდა შესრულდეს ყველა აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა.

6. თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, არ უნდა შესრულდეს არცერთი მისი აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა, და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა.

7. გათხოვებისას, თუ აღთქმები დარჩება მასზე ან წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს,

8. გაიგებს მისი ქმარი და, როცა გაიგებს, არაფერს იტყვის, უნდა შესრულდეს მისი აღთქმები და აღკვეთები, რაც თავის თავს აღუკვეთა.

9. თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის, შეუძლია გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და უფალი აპატიებს.

10. ქვრივის ან ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რითაც რაიმე აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა შესრულდეს მასზე.

11. თუ ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან რასმე აღუკვეთს თავის თავს ფიცით,

12. გაიგებს ქმარი, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, უნდა შესრულდეს ყველა მისი აღთქმა და ყველა აღკვეთა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს.

13. თუ ქმარი გაუუქმებს ყველაფერს ამას, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი ნათქვამი, აღთქმა თუ აღკვეთა, არ შესრულდება, რადგან ქმრის გაუქმებულია და უფალი აპატიებს მას.

14. ყოველ აღთქმას და აღკვეთის ყოველ ფიცს თავის დასაოკებლად ქმარი დაამტკიცებს და ქმარი გააუქმებს.

15. თუ ქმარმა არაფერი უთხრა მას, დაუმტკიცებია ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც მასზეა, რაკი არაფერი თქვა, როცა გაიგო.

16. თუ გაიგებს და მერე გააუქმებს, მასზე იქნება ქალის ცოდვა.

17. ეს წესებია, რომლებიც უბრძანა უფალმა მოსეს ცოლ-ქმრისათვის, მამისა და მისი ქალიშვილისათვის, ყმაწვილობისას მამამისის სახლში.