ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი ოცდამეთორმეტე

1. დიდძალი საქონელი ჰყავდათ რეუბენიანებს და გადიანებს. ნახეს მათ იაყზერისა და გალაადის ქვეყანა და აჰა, საქონლისათვის ყოფილა გამოსადეგი ის ადგილები.

2. მივიდნენ გადიანები და რეუბენიანები და ასე უთხრეს მოსეს, ელეაზარ მღვდელს და საზოგადოების თავკაცებს:

3. ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი -

4. ქვეყანა, რომელიც შემუსრა უფალმა ისრაელის საზოგადოების წინაშე, გამოსადეგი ყოფილა საქონლისათვის; შენს მორჩილთ კი ჰყავთ საქონელი.

5. თქვეს: თუ მადლი გვიპოვნია შენს თვალში, მოეცეს ეს ქვეყანა შენს მორჩილთ საკუთრებად. ნუ გადაგვიყვან იორდანეს გაღმა.

6. მიუგო მოსემ გადიანებს და რეუბენიანებს: თქვენი ძმები საბრძოლველად წავლენ, თქვენ კი აქ დარჩებით?

7. რისთვის უშლით ისრაელიანებს იმ ქვეყანაში გადასვლას, რომელიც თქვენთვის მოუცია უფალს?

8. ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა კადეშ-ბარნეადან გავგზავნე ქვეყნის დასაზვერად.

9. მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, ნახეს ქვეყანა და დაუშალეს ისრაელიანებს იმ ქვეყანაში შესვლა, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს.

10. აღინთო უფლის რისხვა იმ დღეს და ასე დაიფიცა მან:

11. აბა, თუ იხილოს ეგვიპტიდან ამოსულმა ამ კაცებმა, ოცი წლიდან მოყოლებული, ის მიწა, რომლის მიცემასაც შევპირდი ფიცით აბრაამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ მომდევენ მე,

12. გარდა ქალებ იეფუნეს ძისა, კენიზელისა და იესო ნავეს ძისა, რადგან ისინი მისდევენ უფალს.

13. აღინთო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ გადავიდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.

14. აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამა-პაპის ნაცვლად, ცოდვილთა ნაშობნო, რათა კიდევ უფრო იმატოს უფლის რისხვამ ისრაელის მიმართ.

15. თუ მისგან მოიქცევით, კიდევ მიატოვებს მას უდაბნოში და დაღუპავთ მთელს ამ ხალხს.

16. მიადგნენ მას და უთხრეს: ფარეხები ავიშენოთ ჯოგისთვის აქ და ქალაქები ბავშვებისთვის.

17. თავად ჩვენ დარაზმულნი წავუძღვებით წინ ისრაელიანებს, ვიდრე თავ-თავიანთ ადგილებამდე არ მივიყვანთ მათ, ჩვენი ბავშვები კი გამაგრებულ ქალაქებში დარჩებიან, რომ არაფერი ევნოთ ქვეყნის მკვიდრთაგან.

18. არ დავბრუნდებით სახლებში, ვიდრე არ დაიმკვიდრებს თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს.

19. რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იქით, რადგან იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთის შეგხვდება სამკვიდრო.

20. უთხრა მათ მოსემ: თუ ასე მოიქცევით, თუ შეიჭურვებით საომრად უფლის წინაშე,

21. და შეჭურვილი გადავა თითოეული თქვენგანი იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ აყრის უფალი თავის მტრებს თავის წინაშე,

22. და არ დაემორჩილება ქვეყანა უფალს, მერე გაბრუნდებით და უბრალონი იქნებით უფალთან და ისრაელთან, თქვენი საკუთრება გახდება ეს ქვეყანა უფლის წინაშე.

23. თუ ასე არ მოიქცევით, შესცოდავთ უფალს და დაიმსახურებთ სასჯელს, რომელიც გეწევათ თქვენ.

24. აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისათვის და ფარეხები ცხვრისათვის. რაც თქვენი ბაგეებიდან გამოვა, ის აკეთეთ.

25. ასე უთხრეს გადიანებმა და რეუბენიანებმა მოსეს: ისე მოიქცევიან შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი ბატონი ბრძანებს.

26. ჩვენი ბავშვები, ჩვენი ცოლები, ჩვენი საქონელი და მთელი ჩვენი პირუტყვი დარჩებიან აქ, გალაადის ქალაქებში.

27. შენი მორჩილნი კი, ყველანი სალაშქროდ დარაზმული გავლენ უფლის წინაშე საბრძოლველად, როგორც ჩვენი ბატონი ამბობს.

28. უბრძანა მათზე მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და ისრაელიანების შტოთა მამამთავრებს.

29. უთხრა მათ მოსემ: თუ გადავლენ გადიანები და რეუბენიანები თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად დარაზმულნი უფლის წინაშე, და დამორჩილდება ის ქვეყანა თქვენს წინაშე, მიეცით მათ გალაადის ქვეყანა საკუთრებად.

30. თუ არ გადავლენ დარაზმულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენს შორის მიიღებენ წილს ქანაანის ქვეყანაში.

31. პასუხად მიუგეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: როგორც უფალმა უთხრა შენს მორჩილთ, ისე მოვიქცევით.

32. ჩვენ გავალთ დარაზმულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში, სამკვიდრო კი იორდანეს გამოღმა გვექნება.

33. და მისცა მოსემ მათ - გადიანებს, რეუბენიანებს და მენაშეს, იოსების ძის, ნახევარ შტოს სიხონ ამორეველთა მეფის სამეფო, ბაშანის მეფის, ყოგის, სამეფო, ქვეყანა თავისი ქალაქებითა და სანახებითურთ, ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.

34. ააშენეს გადიანებმა დიბონი, ყატაროთი და ყაროერი,

35. ყატაროთ-შოფანი, იაყზერი და იაგბეჰა,

36. ბეთ-ნიმრა, ბეთ-ჰარანი, გამაგრებული ქალაქები და ფარეხები ცხვრისათვის.

37. რეუბენიანებმა ააშენეს ხეშბონი, ელყალე, კირიათაიმი,

38. ნებო, ბაალ-მეყონი, რომელთაც სახელი შეეცვალათ, და სიბმა; დაარქვეს სახელები ქალაქებს, რომლებიც მათ ააშენეს.

39. წავიდნენ მაქირ მენაშეს ძეს შთამომავალნი გალაადში, აიღეს იგი და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველნი.

40. მისცა მოსემ გალაადი მაქირ მენაშეს ძეს და ის დასახლდა იქ.

41. იაირ მენაშეს ძე კი წავიდა და აიღო მათი სოფლები და დაარქვა მათ იაირის სოფლები.

42. ნობახი წავიდა და აიღო კენათი თავის დაბა-სოფლებიანად და დაარქვა მას თავისი სახელი: ნობახი.