ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი ოცდამეთოთხმეტე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

2. დაარიგე ისრაელიანები და უთხარი მათ: როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აი, საზღვრები ამ ქვეყნისა, ქანაანის ქვეყნისა, რომელიც წილად შეგხვდებათ თქვენ:

3. სამხრეთ მხარედ გექნებათ ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად; გექნებათ სამხრეთი საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.

4. გაუხვევს თქვენი საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის ზეგანისკენ, გაივლის ცინზე, მიებჯინება სამხრეთით კადეშ-ბარნეას, გავა ხაცერ-ადართან და გაივლის ყაცმონზე.

5. გაუხვევს საზღვარი აცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ და მიებჯინება ზღვას.

6. დასავლეთის საზღვარი: დიდი ზღვა გექნებათ საზღვრად. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრად.

7. ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად: დიდი ზღვიდან გაატარეთ საზღვარი ჰორის მთაზე.

8. ჰორის მთიდან გაატარეთ ხამათის მიმართულებით; მიებჯინება საზღვარი ცედადას.

9. გავა საზღვარი ციფრონისკენ და მიებჯინება ხაცარ-ყენანს. ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად.

10. აღმოსავლეთით გაავლეთ საზღვარი ხაცარ-ყენანიდან შეფამასკენ.

11. შეფამიდან ეშვება საზღვარი რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით. ეშვება საზღვარი და ეკვრის ქინერეთის ზღვის ნაპირს აღმოსავლეთით.

12. ეშვება საზღვარი იორდანეზე და ებჯინება მარილოვან ზღვას. ეს იყოს თქვენთვის ქვეყნად თავისი გარეშემო საზღვრებითურთ.

13. ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს: აჰა, ქვეყანა, რომელიც უნდა დაინაწილოთ წილისყრით, რომელზეც ბრძანა უფალმა, რომ მისცემოდა ცხრა შტოს და ნახევარ შტოს.

14. რადგან მიიღეს რეუბენიანთა შტომ მამისსახლების მიხედვით და გადიანელთა შტომ მათი გვარეულობების მიხედვით და მენაშეს ნახევარმა შტომ. მათ მიიღეს თავიანთი წილი.

15. ორმა შტომ და ნახევარმა შტომ მიიღეს თავიანთი წილი იორდანეს გაღმა, იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით.

16. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

17. ეს არის იმ კაცთა სახელები, რომლებიც დაიმკვიდრებენ თქვენთვის ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იესო ნავეს ძე.

18. ყოველი შტოდან თითო თავკაცი გამოარჩიეთ ქვეყნის დასანაწილებლად.

19. აი, მათი სახელები: იუდას ტომიდან: ქალებ იეფუნეს ძე;

20. სიმონიანთა შტოდან: სამუელ ამიჰუდის ძე;

21. ბენიამინის შტოდან: ელიდად ქისლონის ძე;

22. დანიანთა შტოდან: თავკაცი ბუკი იოგლის ძე;

23. იოსებიანთა შტოდან: მანასიანთა შტოდან - თავკაცი ხანიელ ეფოდის ძე;

24. ეფრემიანთა შტოდან: თავკაცი კემუელ შიტფონის ძე;

25. ზებულონიანთა შტოდან: თავკაცი ელიცაფან ფარნაქის ძე;

26. ისაქარიანთა შტოდან: თავკაცი ფალტიელ ყაზანის ძე;

27. აშერიანთა შტოდან: თავკაცი ახიჰუდ შელომის ძე;

28. ნაფთალიანთა შტოდან: თავკაცი ფედაელ ყამიჰუდის ძე.

29. ესენი იყვნენ, ვისაც უბრძანა უფალმა ქანაანის ქვეყნის განაწილება ისრაელიანთათვის.