ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მეხუთე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

2. უბრძანე ისრაელიანებს, გაიყვანონ ბანაკიდან ყველა კეთროვანი, ყველა წიდოვანი და მკვდრისგან გაუწმიდურებული.

3. გაიყვანეთ მამროვანიც და მდედროვანიც; ბანაკის გარეთ გაიყვანეთ, რომ არ გააუწმიდურონ თავიანთი ბანაკები, რომელთა შორისაც დავანებული ვარ.

4. ასეც მოიქცნენ ისრაელიანები: გაიყვანეს ისინი ბანაკის გარეთ. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელიანები.

5. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

6. უთხარი ისრაელიანებს: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამისას, რითაც უღალატებს უფალს და დადანაშაულდება,

7. აღიარონ თავიანთი ცოდვა, რაც ჩაიდინეს, მთლიანად ზღონ, რაც დააშავეს, მეათედიც დაუმატონ და მისცენ მას, ვის წინაშეც დანაშაული აქვთ.

8. თუ კაცს არა ჰყავს ნათესავი, რომელსაც შეუძლია მისი დანაშაულის ანაზღაურება, დანაშაულის საზღაური უფალზეა, მღვდელზეა, შენდობის ვერძის გარდა, რომლითაც შეუნდობს მას.

9. მთელი ძღვენი ისრაელიანთა შეწირულებიდან, რომელიც მღვდელთან მოაქვთ, მას ეკუთვნის.

10. ვინმეს მიერ შემოწირული მას ეკუთვნის; რასაც მღვდელს მისცემენ, მღვდელს ეკუთვნის.

11. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

12. ელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: თუ ვინმეს ცოლი შეცდება, უღალატებს თავის ქმარს,

13. ვინმე დაწვება მასთან თესლის მიღვრით და ეს დაფარული იქნება მისი ქმრის თვალთაგან, ქალი კი მალულად წაბილწულია, მაგრამ მოწმე მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არ წაუსწრიათ,

14. ქმარს ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც წაბილწულია, ან ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც არ არის წაბილწული,

15. მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს მისი გულისთვის შესაწირავად მეათედი ეფა ქერის ფქვილი; ზეთი არ დაღვაროს ზედ და არც გუნდრუკი დაადოს, რადგან ეს ეჭვიანობის შესაწირავია, დახსომების შესაწირავი, უკეთურობის დასახსომებელია.

16. მიიყვანს ქალს მღვდელი და უფლის წინაშე დააყენებს.

17. აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით და მიწას სავანის ნიადაგიდან, აიღებს ამას მღვდელი და წყალში ჩაყრის.

18. დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე და თავს გაუშიშვლებს ქალს, მუჭში ჩაუდებს დახსომების შესაწირავს; ეს ეჭვიანობის შესაწირავია. ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამაწყევარი.

19. დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის მას: თუ არავინ დაწოლილა შენთან და არ შეცთენილხარ და არ წაბილწულხარ შენი ქმრისთვის, არას გავნებს ეს მწარე წყალი, დამაწყევარი.

20. ხოლო თუ უღალატე შენს ქმარს და წაბილწული ხარ, ვინმეა ნაწოლი შენთან ქმრის გარდა,

21. დააფიცებს მღვდელი ქალს წყევის ფიცით და ეტყვის მღვდელი ქალს: უფალმა მიგცეს წყევას და ფიცს შენს ხალხში, რომ საზარდული დაგიდნეს და მუცელი გაგისივოს,

22. შევიდეს ეს დამაწყევარი წყალი შენს ნაწლავებში, რომ გაგისივდეს მუცელი და დაგიდნეს საშო. იტყვის ქალი: ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!

23. დაწერს მღვდელი ამ წყევლას გრაგნილზე და მწარე წყლით გადარეცხავს.

24. დაალევინებს ქალს მწარე წყალს, დამაწყევარს, და შევა მასში დამაწყევარი წყალი გამამწარებლად.

25. გამოართმევს მღვდელი ქალს ეჭვიანობის შესაწირავს, შეარხევს ამ შესაწირავს უფლის წინაშე და მიიტანს სამსხვერპლოზე.

26. აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე; მერე წყალს დაალევინებს ქალს.

27. დაალევინებს წყალს და თუ წაბილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისათვის, შევა მასში დამაწყევარი წყალი გასამწარებლად და გაუსივდება მუცელი და დაუდნება საშო. შეიქნება ეს ქალი დასაწყევლი თავის ხალხში.

28. თუ ქალი არ არის წაბილწული და სუფთა იყო, ვნება არ მოუვა და განაყოფიერების უნარი შერჩება.

29. ეს არის ეჭვიანობის რჯული, როცა ქალი უღალატებს თავის ქმარს და წაიბილწება,

30. ან როცა ქმარს შეიპყრობს ეჭვიანობის სული და იეჭვიანებს თავის ცოლზე: დააყენოს თავისი ცოლი უფლის წინაშე და მღვდელი მოექცევა მას ამ რჯულის თანახმად.

31. ქმარი გათავისულდება დანაშაულისგან და ამ ქალს დაეკისრება დანაშაული.