ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მერვე

1. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

2. ელაპარაკე აარონს და უთხარი: როცა ლამპარს აანთებ, სასანთლის წინა მხარეს შვიდი ლამპარი უნდა ენთებოდეს.

3. ასე გააკეთა აარონმა: სასანთლის წინა მხარეს აანთო ლამპრები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

4. ასეთი ნაკეთობის იყო სასანთლე: ნაჭედი ოქროსი იყო, ზროდან ყვავილებამდე ნაჭედი იყო იგი; იმ სახის გააკეთა სასანთლე, როგორც უფალმა ახილვინა მოსეს.

5. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

6. გამოიყვანე ლევიანები ისრაელიანთაგან და გააწმიდავე ისინი.

7. ასე მოიქეცი მათ გასაწმიდავებლად: ასხურე მათ ცოდვის წარმხოცელი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ შესამოსელი და გაწმიდავდებიან.

8. აიყვანონ კურატი და მისი ძღვენი: შესაწირავი - ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი და მეორე კურატი ცოდვისათვის.

9. მიიყვანე ლევიანები სადღესასწაულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.

10. მიიყვანე ლევიანები უფლის წინაშე და დაასხან ხელი ისრაელიანებმა ლევიანებს.

11. ხოლო აარონმა აღუსრულოს შერხევის წესი ლევიანებს უფლის წინაშე ისრაელიანთაგან, რათა იტვირთონ მათ უფლის სამსახური.

12. ლევიანებმა ხელი დაასხან კურატებს; შენ კი გაამზადე ერთი კურატი ცოდვისათვის, მეორე - აღსავლენად უფლისათვის, რათა მიუტევო ლევიანებს.

13. დააყენე ლევიანები აარონის წინ და მისი შვილების წინ; აღასრულე მათზე შერხევის წესი უფლისათვის;

14. გამოჰყავი ლევიანები ისრაელიანთაგან, რათა ჩემი იყვნენ ლევიანები.

15. მხოლოდ მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები სადღესასწაულო კარვის სამსახურში, როცა გააწმიდავებ მათ და აღასრულებ მათზე შერხევის წესს.

16. რადგან ჩემთვის არიან ისინი შემოწირულნი ისრაელიანთაგან. ყოველი საშოს გამღების, ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ვიღებ მათ ჩემთვის.

17. რადგან ჩემია ყოველი პირმშო ისრაელიანებში, ადამიანიც და პირუტყვიც. იმ დღეს, როცა გავწყვიტე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის შემოვიწირე ისინი

18. და ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად,

19. ჩავაბარე ლევიანები ისრაელიანთაგან აარონს და მის შვილებს, რათა შეასრულონ ისრაელიანთა სამსახური სადღესასწაულო კარავში, რათა მიუტეონ ისრაელიანებს, რომ არ მოხდეს ისრაელიანებში ზიანი, როცა კი საწმიდარს მიეკარებიან ისრაელიანები.

20. ისე მოექცნენ მოსე, აარონი და ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ლევიანებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა გამო. ასე მოექცნენ მათ ისრაელიანები.

21. გაწმიდავდნენ ლევიანები და გაირეცხეს შესამოსელი; აღასრულა აარონმა მათზე შერხევის წესი უფლის წინაშე და მიუტევა, რათა გაეწმიდავებინა ისინი.

22. ამის შემდეგ შეუდგნენ ლევიანები სამსახურს სადღესასწაულო კარავში აარონის წინაშე და მისი შვილების წინაშე. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის ლევიანთა გამო, ისე მოექცნენ ისინი მათ.

23. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს.

24. ეს არის ლევიანთა წესი: ოცი წლიდან მოყოლებული უნდა შეუდგნენ სადღესასწაულო კარვის სამსახურს,

25. ორმოცდაათი წლის შემდეგ უნდა შეწყვიტონ სამსახური და აღარ იმსახურონ.

26. მხოლოდ დაეხმარონ თავიანთ თანამოძმეებს სადღესასწაულო კარვის დაცვაში, მაგრამ სამსახურს ნუღარ გასწევენ. ასეთი მოვალეობა დაუწესე ლევიანებს.