1. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, პირველ თვეში, უთხრა:
2. მოამზადონ ისრაელიანებმა პასექი დათქმულ დროს.
3. ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, მოამზადეთ იგი დათქმულ დროს; ყველა წესისა და რიგის დაცვით მოამზადეთ იგი.
4. ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, რომ დაემზადებინათ პასექი.
5. დაამზადეს პასექი პირველ თვეში, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, სინაის უდაბნოში; ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
6. იყვნენ ისეთები, რომლებიც გაუწმიდურდნენ მკვდრის შეხებით და ვერ შეძლეს პასექის დამზადება იმ დღეს. მივიდნენ ისინი მოსესთან და აარონთან იმ დღეს.
7. უთხრა ამ ხალხმა მას: გაუწმიდურებული ვართ მკვდრის შეხებით. რისთვის უნდა აგვეკრძალოს საუფლო შესაწირავის მიტანა დათქმულ დროს ისრაელიანებთან ერთად?
8. უთხრა მათ მოსემ: მოითმინეთ, მოვისმენ, რას მამცნობს თქვენზე უფალი.
9. ელაპარაკა უფალი მოსეს:
10. ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ ვინმე გაუწმიდურდება მკვდრის შეხებით ან შორ გზაზე იქნება წასული თქვენს შორის ან თქვენს შთამომავლობაში, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი.
11. მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაღამებისას დაამზადონ იგი, უფუარი პური და მწარა ბალახები შეატანონ.
12. ნუ მოირჩენენ დილისათვის, ძვლებს ნუ დაამტვრევენ, პასექის ყველა წესის დაცვით შეასრულონ იგი.
13. თუ კაცი გაწმიდავებულია და არც გზაშია, მაგრამ მაინც არ დაამზადებს პასექს, უნდა მოიკვეთოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან საუფლო შესაწირავი არ მიიტანა დათქმულ დროს. ცოდვა დაედება იმ კაცს.
14. თუ მდგმური გყავთ, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი პასექის წესისა და რიგის მიხედვით. ერთი წესი უნდა გქონდეთ მდგმურსაც და ქვეყნის მკვიდრსაც.
15. სავანის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარვის სავანე და საღამოდან დილამდე, თითქოს ცეცხლი ჩანდა სავანეზე.
16. ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას და ცეცხლი ჩანდა ღამით.
17. როგორც კი ასცილდებოდა ღრუბელი კარავს, დაიძრებოდნენ ისრაელიანებიც; ხოლო სადაც დადგებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები.
18. უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები. მთელი იმ ხანის მანძილზე, რაც ღრუბელი ეფინა სავანეს, იდგნენ ისინი.
19. თუ დიდხანს დაყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, ასრულებდნენ ისრაელიანები უფლის სამსახურს და არ იძროდნენ.
20. ხდებოდა ხოლმე, რომ მცირე ხანს ეფინა ღრუბელი სავანეს, უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ.
21. ხდებოდა ხოლმე, რომ საღამოდან დილამდე იდგა ღრუბელი, დილას ასცილდებოდა ღრუბელი და ისინიც დაიძრებოდნენ, ან ერთი დღე-ღამე იდგა და, როცა ასცილდებოდა ღრუბელი, დაიძრებოდნენ.
22. ან ორი დღე იდგა ან ერთი თვე, ან რამდენიმე დღე; თუ დიდხანს იდგა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანებიც და არ იძროდნენ; ასცილდებოდა და ისინიც დაიძრებოდნენ.
23. უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ ხოლმე. უფლის სამსახურს ასრულებდნენ და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული.