1. ქმრის მხრიდან ნათესავი ჰყავდა ნაყომის, ერთი შეძლებული კაცი, ელიმელექის საგვარეულოდან, სახელად ბოყაზი.
2. უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: წავალ ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვიპოვნი. უთხრა: წადი, შვილო.
3. წავიდა და შეუდგა აკრეფას ყანაში მომკელთა კვალზე. ბოლოს იმ ბოყაზის ყანაში მოხვდა, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.
4. ამ დროს ბოყაზიც მოვიდა ბეთლემიდან და უთხრა მომკელებს: უფალი იყოს თქვენთან! მიუგეს: უფალმა გაკურთხოს!
5. უთხრა ბოყაზმა თავის მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელებს: ვისია ეს ყმაწვილი ქალი?
6. მიუგო მსახურმა, რომელიც თავზე ადგა მომკელებს, და უთხრა: მოაბელია ეს ყმაწვილი ქალი, ნაყომის წამოჰყვა მოაბის ველიდან.
7. თქვა, ამაკრეფინეთ და შემაგროვებინეთ თავთავები მომკელთა კვალზეო. მოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს. შინ თითქმის არ ჩერდება.
8. უთხრა ბოყაზმა რუთს: ახლა ყური მიგდე, შვილო. სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.
9. ხომ ხედავ ამ ყანას, რომელსაც მკიან. იარე მომკელთა კვალზე. ბიჭებისთვის ნაბრძანები მაქვს, არ დაგიშალონ. თუ მოგწყურდეს, ჭურჭლებთან მიდი და დალიე, საიდანაც ჩემი ბიჭები იღებენ წყალს.
10. პირქვე დაემხო ქალი, მდაბლად თაყვანისცა და უთხრა: რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი ასე დამაფასე?
11. მიუგო ბოყაზმა და უთხრა: გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ. დედ-მამა, სამშობლო მხარე რომ მიატოვე და მოხვედი ხალხში, რომელსაც ადრე არც კი იცნობდი.
12. უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის; სრული საზღაური მიგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც ხარ შეფარებული.
13. უთხრა: მადლი მიპოვნია შენს თვალში, ბატონო, რაკი მანუგეშე და გამამხნევე შენი მხევალი. მე ხომ შენი მხევლობის ღირსიც არა ვარ!
14. უთხრა მას ბოყაზმა: პურის ჭამისას მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ჩააწე ღვინოში. დაჯდა ქალი მომკელთა გვერდით. დაუყარეს ქუმელი, მანაც ჭამა გაძღომამდე და კიდევაც დარჩა შეუჭმელი.
15. როცა ქალი ასაკრეფად ადგა, უბრძანა ბოყაზმა ბიჭებს და უთხრა: ძნებს შორისაც აკრიფოს, ნუ დააყვედრით.
16. ხელეურებიდანაც მიუყარეთ და დაუტოვეთ ხოლმე, აკრიფოს, ნუ დაუშლით.
17. საღამომდე კრეფდა ქალი ყანაში. დაცეხვა ანაკრეფი და გამოუვიდა ერთ ეფამდე ქერის მარცვალი.
18. აიღო და წავიდა ქალაქში. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. ამოიღო რუთმა, რაც შეუჭმელი დარჩა და მისცა.
19. უთხრა მას დედამთილმა: სად კრეფდი დღეს, სად შრომობდი? დალოცვილი იყოს შენი მომხედავი! უამბო დედამთილს ვისთანაც შრომობდა, და უთხრა: ბოყაზი ჰქვია იმ კაცს, ვისთანაც ვშრომობდი დღეს.
20. უთხრა ნაყომიმ რძალს: დალოცვილი იყოს უფლისაგან, რომ წყალობა არ მოაკლო არც ცოცხლებს და არც მკვდრებს! უთხრა ნაყომიმ: ჩვენი ახლობელია ეს კაცი, ჩვენი სანათესაოდან არის.
21. თქვა მოაბელმა რუთმა: ისიც მითხრა, ჩემს მსახურ ბიჭებთან დარჩი, სანამ ჩემს სამკალს არ მორჩებიანო.
22. უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: კარგია, შვილო, რომ მის მსახურ ქალებთან ერთად გახვალ და სხვის ყანაში არ დაგინახავენ.
23. არ მოშორებია იგი ბოყაზის მსახურ ქალებს. კრეფდა ნამკალში, სანამ ქერისა და პურის მკა არ დასრულდა. ასე ცხოვრობდა ის თავის დედამთილთან ერთად.