1. უთხრა მას ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: შვილო, მყუდრო ადგილი მინდა მოგიძებნო, რომ ბედნიერი იყო.
2. აი, ბოყაზი, ჩვენი ნათესავი, რომლის მსახურ ქალებთანაც ნამყოფი ხარ, აი, ამ ღამით ქერს ანიავებს კალოზე.
3. გაიბანე, ზეთი იცხე, გამოეწყვე და კალოზე გადი. არ დაენახო იმ კაცს, სანამ ჭამა-სმა არ მორჩება.
4. როცა დასაწოლად წავა, გაიგე, სად წევს. მიდი, გადაუწიე ფეხებთან წამოსასხამი და მიუწექი. თავად გეტყვის, როგორც უნდა მოიქცე.
5. უთხრა: ისე მოვიქცევი, როგორც მეუბნები.
6. გავიდა კალოზე და ისე მოიქცა, როგორც დედამთილმა დაარიგა.
7. ჭამა და სვა ბოყაზმა, გახალისდა და წავიდა ზვინებთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, გადაუწია ფეხებთან წამოსასხამი და მიუწვა.
8. შუაღამისას შეკრთა კაცი, რაღაცას შეეხო და, აჰა, ქალი უწევს ფეხთით.
9. თქვა: ვინა ხარ? მიუგო: რუთი ვარ, შენი მხევალი, გადააფარე ფრთა შენს მხევალს. შენ ხომ ნათესავი ხარ.
10. თქვა: დალოცვილი იყავ უფლისაგან, შვილო. რაც ახლა მადლი ჰქვნი, წინანდელზე უკეთესია. ყმაწვილთაგანს ვინმეს რომ არ წაჰეევი, არც ღარიბს, არც მდიდარს.
11. ახლა ნუ გეშინია, შვილო. ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ.
12. ახლა, მართალია ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს.
13. გაათიე ეს ღამე და, თუ დილით მან გინათესავა, ხომ კარგი, გინათესავოს. თუ არ ისურვა და არ გინათესავა, მაშინ მე თავად გინათესავებ, უფალს ვფიცავ. იწექი დილამდე.
14. იწვა ქალი მის ფეხთით დილამდე და ადგა დილაბნელზე. თქვა ბოყაზმა: არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე.
15. უთხრა: აიღე ეგ თავშალი, რომ გახურავს, და ხელში დაიჭირე. მანაც დაიჭირა ხელში და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაული ქერის მარცვალი, ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა.
16. მივიდა რუთი თავის დედამთილთან. შეეკითხა: რა იყო, შვილო? მითხარი, როგორ მოგექცა ის კაცი?
17. მიუგო: ეს ექვსი საწყაული ქერი მომცა, თან მითხრა, ხელცარიელი არ წახვიდეო დედამთილთან.
18. უთხრა: დაელოდე, შვილო, სანამ გაიგებდე, როგორ დამთავრდება ეს საქმე. რადგან არ მოისვენებს ის კაცი, ვიდრე დღესვე არ გაასრულებს ამ საქმეს.