ძველი აღთქმა

რუთი

თავი მეოთხე

1. ავიდა ბოყაზი კარიბჭესთან და იქ დაჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ნათესავმა კაცმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა: მოდი, სახელით მოუხმო, აქ დაჯექიო. ისიც მივიდა და დაჯდა.

2. მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა: დასხედით აქ. ისინიც დასხდნენ.

3. უთხრა ბოყაზმა იმ ნათესავს: ჩვენი მოძმის, ელიმელექის, ყანის ნაკვეთი გაყიდა მოაბის ველებიდან დაბრუნებულმა ნაყომიმ.

4. ახლა ამას გიცხადებ: იყიდე ყანა აქ მსხდომთა და ხალხის უხუცესთა თანდასწრებით. თუ გსურს ენათესავო, ენათესავე. თუ არა და, მითხარი და მეცოდინება, რადგან შენზე წინ არავისა აქვს ნათესაობის უფლება. მე მხოლოდ შენს შემდეგ ვარ. თქვა: ვუნათესავებ.

5. თქვა ბოყაზმა: როცა ნაყომისგან ყანას იყიდი, მოაბელი რუთისგან, გარდაცვლილის ცოლისგანაც უნდა იყიდო, რომ სახელი აღუდგინო თავის სამკვიდროში გარდაცვლილს.

6. თქვა ნათესავმა: ვერ ვუნათესავებ. ვაითუ, ჩემი სამკვიდრო დავაზარალო. შენ შეასრულე ჩემი უფლება ნათესაობისა, რადგან მე არ შემიძლია, რომ ვუნათესავო.

7. ასე იქცეოდნენ ძველად ისრაელში სყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს: გაიძრობდა ერთი ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.

8. უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: შენ იყიდე! და გაიძრო ფეხსამოსი.

9. უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელს ხალხს: დღეს თქვენ მოწმენი ხართ, რომ მე ვყიდულობ ნაყომისგან ელიმელექის მთელს საბადებელს, და ქილიონისა და მახლონის მთელს საბადებელს,

10. და ცოლად მიმყავს მოაბელი რუთიც, მახლონის ცოლი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რომ არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი მის მოძმეთა შორის და იმ უბნის კარიბჭესთან, სადაც ის ცხოვრობდა. ამის მოწმენი ხართ დღეს თქვენ.

11. უთხრეს კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი დედაკაცი რახელივით და ლეასავით, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი. ქმენი სიქველე ეფრათაში და გაითქვი სახელი ბეთლემში.

12. გახდეს შენი სახლი სახლივით ფერეცისა (რომელიც თამარმა უშვა იუდას) იმ ნაშიერიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისაგან.

13. წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი. შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ვაჟი.

14. უთხრეს დედაკაცებმა ნაყომის: კურთხეულია უფალი, რომელმაც ნათესავი არ მოგიშალა დღეს! იხსენებოდეს ისრაელში მისი სახელი!

15. შენი სიბერის ნუგეშად და სასოდ გეყოლოს, რადგან შვა იგი შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია.

16. მიირქვა ნაყომიმ ბავშვი, უბეში ჩაისვა და გახდა მისი გამდელი.

17. სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს, თქვეს: ვაჟი შეეძინა ნაყომის! და დაარქვეს სახელად ყობედი. ეს იყო მამა იესესი, დავითის მამისა.

18. აი, ფერეცის შთამომავლობა: ფერეცმა შვა ხეცრონი,

19. ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ყამინაბადი,

20. ყამინაბადმა შვა ნახშონი, ნახშონმა თქვა სალმონი,

21. სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,

22. ყობედმა შვა იესე, იესემ შვა დავითი.