1. კეთილად წარმართა სიბრძნემ მათი საქმენი წმიდა წინასწარმეტყველის ხელით.
2. გადალახეს უდაბნო უკაცური და უვალ ადგილებში კარვები აღმართეს,
3. წინ აღუდგნენ მომხდურთ და მოიგერიეს მტრები.
4. მოსწყურდათ და შენ შეგღაღადეს, და შენც მიეცი მათ წყალი სალი კლდიდან და დარწყულება - პიტალო ქვიდან.
5. რადგან გასაჭირში მყოფთ ის მიემადლათ, რითაც დაისაჯნენ მათი მტრები:
6. ნაცვლად სისხლით შემღვრეული და წაბილწული წყაროსი,
7. ყრმათა ჟლეტის ბრძანების სამხილებელად რომ ადინე, მოულოდნელად მიეცი მათ უხვი წყალი.
8. და მაშინ უჩვენე წყურვილის ძალით, თუ როგორ დასაჯე მათი წინააღმდგომნი.
9. რადგან, როცა გამოიცადნენ, თუმცა წყალობებში იყვნენ გაწვრთნილნი, მაშინ შეიცნეს, როგორ იტანჯებოდნენ რისხვით განკითხული უღვთოები.
10. რადგან ესენი, როგორც მამა, შეგონებით გამოსცადე, ისინი კი დასაჯე, როგორც სასტიკმა მეფემ.
11. იქ არმყოფნიც და იქ მყოფნიც ერთნაირად იტანჯებოდნენ.
12. რადგან მოეცვა ისინი ორკეც მწუხარებას და თავგადანახადის გახსენებაზე გოდებდნენ.
13. როცა შეიტყვეს, რომ მათი დასჯით დამწყალობდნენ მართალნი, მიხვდნენ, რომ უფლისგან იყო ეს საქმე.
14. თუმცა ადრე, როგორც განკიცხული, მოიკვეთეს და აბუჩად აიგდეს, მაგრამ საბოლოოდ უკვირდათ მისი, რადგან მათი წყურვილი არ ჰგავდა მართლის წყურვილს.
15. იმის სანაცვლოდ, რომ უგუნური და უკეთური ფიქრებით მოცთუნებულნი ემსახურებოდნენ უტყვ ქვეწარმავლებს და უბადრუკ მხეცებს, აჰა, პირუტყვ ქმნილებათა სიმრავლე მოუვლინე სასჯელად.
16. რათა გაეგოთ, ვინც რითი შესცოდავს, იმით რომ დაისჯება.
17. რადგან არაფერი დააბრკოლებდა შენს ყოვლისშემძლე ხელს, რომელმაც უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა, წარეგზავნა მათთვის დათვთა სიმრავლე ან მძვინვარე ლომები,
18. ან ახლადშექმნილი და უცნობი მძვინვარე მხეცები, ან ცეცხლოვანი სუნთქვის მომბერველნი, ან ამომფრქვეველნი ბოლქვებად კვამლისა, ან თვალთაგან შემზარავ ნაპერწკალთა გამომტყორცნელნი,
19. რომელთაც არა მხოლოდ ვნების მიყენებით შეეძლოთ მაიაი განადგურება, არამედ შიშისმომგვრელი შესახედაობითაც დაღუპავდნენ.
20. და მათ გარეშეც, ერთი მობერვითაც შეიძლებოდა დამხობილიყვნენ მართლმსაჯულებისგან დევნილნი და შენი ძლიერი სულისგან დაფანტულნი, მაგრამ შენ ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესე;
21. რადგან დიდი ძლიერება მარადის შენთანაა და ვინ აღუდგება წინ შენი მკლავის ძალას?
22. რადგან მთელი სამყარო შენს წინაშე მხოლოდ რხევაა სასწორის პინებისა და წვეთია დილის ცვარისა, დედამიწაზე რომ იფრქვევა.
23. ყველას შემბრალე ხარ, რადგან ყველაფერი შეგიძლია, და არად მიიჩნევ კაცთა ცოდვებს, რათა მოინანიონ.
24. რადგან ყოველი არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი!
25. როგორ იარსებებდა რაიმე, შენ რომ არ მოგესურვა? ან როგორ შეინახებოდა, შენ რომ არ მოგეხმო?
26. ყველაფერს უფრთხილდები, რადგან ყველაფერი შენია, სულისმოყვარეო უფალო.