1. რადგან ყველაფერშია შენი უხრწნელი სული.
2. ამიტომაც შეცდომილებს თანდათან ამხელ და შეახსენებ, თუ რაში სცოდავენ; შეაგონებ, რომ დათმონ ბოროტება და სწამდეთ შენი,უფალო.
3. ძველი მკვიდრნი შენი წმინდა მიწისა
4. მოიძულე საძაგელ საქმეთათვის, ჯადოქრობისთვის და უწმიდური წესებისთვის,
5. ყრმათა უწყალო ხოცვისთვის, და ადამიანის შიგნეულის და სისხლის ჭამისთვის; შეიძულე საიდუმლოდ მსხვერპლის შემწირველნი.
6. და მშობლები - მკვლელნი უმწეო სულებისა, და მოიწადინე მათი დაღუპვა ჩვენი მამა-პაპის ხელით,
7. რათა შენს ფასდაუდებელ მიწას ღვთის შვილთა ღირსეული სახლობა მიეღო.
8. მაგრამ ისინიც, როგორც კაცნი, მაინც დაინდე და შენი მხედრიონის წინამორბედებად კელები მიუგზავნე, რათა თანდათან გაჟლეტილიყვნენ.
9. თუმცა შეგეძლო ურჯულონი მართალთათვის ბრძოლით დაგემონა ან საზარელი ცხოველებით მოგესპო ისინი, ან ერთი სასტიკი სიტყვით;
10. მაგრამ შენ თანდათან სჯიდი მათ და დროს აძლევდი სინანულისათვის; თუმცა იცოდი, რომ მოდგმა მათი უკეთურია და ბოროტება - თანდაყოლილი, და მათი ზრახვები არ შეიცვლებოდა უკუნისამდე.
11. მათი თესლი ხომ დაწყევლილია დასაბამიდან; ვინმეს შიშით როდი ტოვებდი მათ დაუსჯელად ცოდვებისათვის.
12. რადგან ვინ გეტყვის: რა ჩაიდინე? ან წინ ვინ აღუდგება შენს სამსჯავროს? ან ვინ დაგდებს ბრალს ხალხების დაღუპვისთვის, რომელიც შენვე შექმენი? ან ვინ გამოესარჩლება შენ წინაშე ცოდვილ ადამიანებს, შეიწყალეო ისინი?
13. რადგან არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაზე რომ ზრუნავდეს, რომელსაც დაანახვებდი, რომ უსამართლოდ არ სჯი.
14. არცერთ მეფეს, არცერთ მბრძანებელს არ შეუძლია თვალი გაგისწოროს იმათ გამო, რომელნიც დასაჯე.
15. თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებ ყველაფერს, რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს.
16. რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს.
17. ძალას შენსას უჩვენებ მას, ვისაც არ სწამს შენი ყოვლადძლიერება, და შენს არმცნობელს კადნიერებაში ამხელ.
18. მაგრამ მფლობელი ძლიერებისა ლმობიერად განსჯი და გვმართავ ჩვენ დიდი მოთმინებით, რადგან ძლიერების გამოჩენა შენს ნებაზეა.
19. ამგვარ საქმეთა წყალობით განასწავლე შენი ხალხი, რომ სამართლიანი კაცთმოყვარე ყოფილიყო, და შენს შვილებს შთაუნერგე კეთილი იმედი, რომ მისცემდი დროს ცოდეების მოსანანიებლად.
20. რადგან თუ შენს მსახურთა მტრებს და სიკვდილით დასასჯელებს ეგზომ ლმობიერებითა და გულმოწყალებით სჯიდი, რაკი აძლევდი დროსა და შემთხვევას, რომ ბოროტებას განდგომოდნენ,
21. რაზომი სიფრთხილით განსჯიდი შენს შვილებს, რომელთა მამა-პაპას მიეცი ფიცი და კეთილ დაპირებათა აღთქმები!
22. როცა ჩვენ გვასწავლი, ჩვენს მტრებს ათასგზის შოლტავ, რათა დამსჯელებმა შენს სიკეთეზე ვიფიქროთ, ხოლო დასჯილები ველოდეთ შეწყალებას.
23. ამიტომაც თავისივე სისაძაგლეებით დატანჯე ცოდვილნი, რომელნიც უგუნური ცხოვრებით ცხოვრობდნენ.
24. რადგან მცდარ გზაზე მოარულნი შორს განიბნენ და, უჭკუო ბალღებივით მოტყუებულნი, ღმერთებად მიიჩნევდნენ ცხოველებს, რომელნიც მათი მტრებისთვისაც კი საძაგელნი არიან.
25. ამიტომ, როგორც უგუნურ ყრმებს, სასჯელად კიცხვა მოუვლინე.
26. მაგრამ, რაკი მამხილებელი კიცხვითაც გონს ვერ მოეგნენ, ღვთისგან დამსახურებული სასჯელი მიიღეს.
27. როცა ტანჯვა-წამებაში მყოფნი აღშფოთდნენ იმ ქმნილებებზე, რომლებიც ღმერთებად მიაჩნდათ, ახლა კი მათი მიზეზით იყვნენ დასჯილნი, აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად იგი, ვის ცნობასაც ადრე უარობდნენ. ამიტომაც მოაწია მათზე საბოლოო განაჩენმა.