1. ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღვთის უმეცრებაში მყოფნი, რომელთაც ხილულ სიკეთეგან ვერ შეძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს ხელოვანი;
2. არამედ ან ცეცხლი, ან ქარი, ან სწრაფი ჰაერი, ან ვარსკვლავთა წრე, ან წყალი, ან ცის მნათობები მიიჩნიეს სამყაროს განმგებელ ღმერთებად.
3. თუკი მათი სილამაზით დატყვევებულთ ესენი ღმერთები ეგონათ, ისიც უნდა შეეცნოთ, თუ რაზომ უმჯობესია მათზე უფალი, რადგან მან, დასაბამმა მშვენებისა შექმნა ისინი.
4. ხოლო თუ მათი ძალა და მოქმედება აკვირვებდათ, მათგანვე უნდა შეეცნოთ, რაზომ ძლიერი იქნებოდა მათზე მათი შემოქმედი.
5. რადგან ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების კვალზე მათი შემოქმედიც შეიცნობა;
6. მაგრამ ესენი მაინც ნაკლებად გასაკიცხნი არიან, რადგან თუ სცდებიან, ღვთის ძიებისას სცდებიან, მისი პოვნის მოწადინენი.
7. რადგან ღვთის ქმნილებათა შორის მყოფნი ეძებენ და მზერას ერწმუნებიან, რომ ყოველი ხილული მშვენიერია.
8. და მაინც არც ესენი არიან ღირსი შენდობისა;
9. რადგან თუ იმის ძალა შესწევდათ, რომ ამოეცნოთ ეს სამყარო, რატომ უმალვე ვერ იპოვეს მისი მეუფე?
10. მაგრამ უფრო უბადრუკნი არიან მკვდართა მსასოებელნი, რომელნიც ღმერთებს უწოდებენ: ადამიანთა ხელით ნაქმნარს - ოქროსა და ვერცხლს, ხელოვნების ქმნილებებს, ცხოველთა გამოსახულებებს, ან უსარგებლო ქვას - ძველების ხელით ნაკეთებს.
11. მოჭრის ხისმჭრელი ვინმე ხურო ადვილდასამუშავებელ ხეს და მარჯვედ გალოპრავს, ლამაზად გათლის და მისგან საჭირო ჭურჭელს დაამზადებს.
12. სამუშაოდან მორჩენილ ნაჭრებს კი კერძის მოსამზადებლად მოიხმარს და გაძღება;
13. ხოლო იმათგან ერთი ნაჭერს, ყოვლად უვარგისს, მრუდეს და ნუჟრებიანს, აიღებს და მოცალეობისას გულმოდგინედ გამოთლის, ოსტატურად დაამუშავებს და ადამიანის სახედ გამოსახავს,
14. ან მიამსგავსებს რომელიმე უბადრუკ ცხოველს, სურინჯს წაუსვამს, მეწამული საღებავით შეღებავს მის ზედაპირს და ყველა მის ხინჯს დაფარავს,
15. მოუწყობს მას შესაფერის ადგილ-სამყოფელს, კედელზე ჩამოკიდებს და რკინით მიამაგრებს.
16. ამგვარად, აწინასწარ იზრუნებს, რომ ძირს არ ჩამოუვარდეს, რადგან იცის, რომ იგი ვერ უშველის საკუთარ თავს, რადგან ხატია მხოლოდ და შემწეს საჭიროებს.
17. როცა ლოცულობს თავისი სიმდიდრისთვის, ქორწინებისთვის და შვილებისათვის, არ რცხვენია უსულოსთან საუბრისა; ჯანმრთელობისათვის უძლურს მიმართავს,
18. სიცოცხლეს მკვდარს შესთხოვს, შემწეობისთვის გამოუცდელს ევედრება, კეთილი მგზავრობისთვისმას, ვინც ნაბიჯსაც ვერ დგამს;
19. მოგებისთვის, საშრომელისთვის და ხელის მომართვისთვის ხელით უძლურს ეხვეწება, რომ ძალა მისცეს.