1. ხოლო შენ, ღმერთო ჩვენო, კეთილი და ჭეშმარიტი ხარ, სულგრძელი და ყოვლის განმგებელი წყალობით.
2. კიდეც რომ შევცოდოთ, მაინც შენი ვართ, მაღიარებელნი შენი ძალისა; მაგრამ არ შევცოდავთ, რადგანაც ვუწყით, რომ შენად ვართ შერაცხილნი.
3. შენი შეცნობა სრული ჭეშმარიტებაა, აღიარება შენი ძალაუფლებისა კი უკვდავების საფუძველია.
4. ვერ შეგვაცდინა ჩვენ კაცთა ბოროტმა განზრახვამ და ვერც მხატვართა უნაყოფო შრომამ - ხატებამ, სხვადასხვა ფერებით აჭრელებულმა,
5. რომლის მზერაც უგუნურ წადილს და ტრფიალებას აღაგზნებს მკვდარი ქანდაკების უსიცოცხლო სახის მიმართ.
6. ამგვარ იმედთა ღირსნი არიან ბოროტებათა ტრფიალნი და მათი ჩამდენნიც, მოწადინენი და თაყვანისმცემლებიც.
7. მექოთნე რბილ თიხას ზელს და ჩვენდა სამსახურად გულმოდგინედ ძერწავს ყველაფერს; ერთი და იმავე თიხიდან იძერწება ორივე ჭურჭელი - საწმიდარიც და სადაგიც; მაგრამ რომელი რას უნდა ემსახუროს, ამის განმსჯელი თიხის ოსტატია.
8. ამ თიხიდანვე ამაო ღმერთს ძერწავს ფუჭად მშრომელი, რომელიც თავადაც მიწისგან წარმოიშვა ცოტა ხნის წინათ, ცოტა ხნის შემდეგ კი იქითკენ წავა, საიდანაც აღებულ იქნა, და მოსთხოვენ სულის ვალის უკან დაბრუნებას.
9. მაგრამ მას არ ადარდებს, რომ მძიმე შრომა უნდა, რომ ხანმოკლეა მისი ცხოვრება, არამედ ეჯიბრება ოქრომჭედლებსა და ვერცხლის მდნობელებს, სპილენძის ოსტატებს ბაძავს და სასახელოდ მიაჩნია სისაძაგლის ძერწვა.
10. ფერფლია მისი გული, თიხაზე უმნიშვნელოა მისი სასოება და ტალახზე უპატიოა მისი ცხოვრება.
11. რადგან ვერ შეიცნო თავისი შემქმნელი, ვინც მას ჩაუდგა მოქმედი სული და სიცოცხლის სამშვინველი შთაბერა.
12. მაგრამ ჩვენი სიცოცხლე მათ გართობად ჩათვალეს, ხოლო ცხოვრება სარფიან ვაჭრობად, რადგან ამბობენ: ხომ საჭიროა საიდანმე, თუნდაც ბოროტებისგან, სარგებლის მიღება.
13. ყველაზე უკეთ თვითონ მან იცის, რომ ცოდვას სჩადის, რადგან ქმნის თიხიდან მყიფე ჭურჭლებსა და ქანდაკებებს.
14. მაგრამ ყველაზე უგუნურნი და ჩვილ ბავშვებზე სულით უბადრუკნი არიან შენი ხალხის მტრები, რომელნიც ჩაგრავენ მას.
15. რადგან ისინი ღმერთებად მიიჩნევენ წარმართთა ხატებს, რომელთაც არა აქვთ თვალები სახედველად, არც ნესტოები ჰაერის შესასუნთქად, არც ყურები სასმენელად, არც თითები შესახებად და მათი ფეხებიც უმოქმედოა სავალად.
16. თუმცა ადამიანმა შექმნა ისინი და ნასესხებმა სულმა გამოსახა, მაგრამ არცერთ კაცთაგანს არ შეუძლია გამოსახოს ღმერთი, როგორიც არის.
17. თავად მოკვდავია და მკვდარს აკეთებს ურჯულო ხელებით, ამიტომაც სჯობს თავის სათაყვანებელთ, რადგან თვითონ ცოცხლობს მაინც, ამათ კი არასოდეს უცოცხლიათ.
18. უსაძაგლეს ცხოველებს სცემენ თაყვანს, უჭკუობით სხვებისგან გამორჩეულთ.
19. შესახედავადაც უშნონი არიან და სხვა ცხოველებივით ვერ მიგვიზიდავენ, რადგან აკლიათ ღვთის დასტური და მისი კურთხევა.