1. ამიტომაც ღირსად დაისაჯნენ ისინი მათივე მსგავსი ცხოველებით და მხეცთა სიმრავლით დაიტანჯნენ.
2. შენს ხალხს კი, ნაცვლად ამგვარი სასჯელისა, კეთილი უყავ. მოძულებულთ უცხო საზრდელი - მწყერები მოუმზადე მადის დასაცხრომად;
3. რათა იმ ხალხს, როცა მოშივდებოდათ, მადის ნატამალიც კი დაჰკარგოდათ მათთვის მიგზავნილ საძაგელ ქმნილებათა ხედვით. შენს ხალხს კი, მცირე ხნით ნაშიმშილევს, უცხო საჭმელის გემო ეხილა.
4. რადგან მათ მჩაგვრელებზე ულმობელი გასაჭირი უნდა მოწეულიყო, თავად კი მხოლოდ უნდა ენახათ, როგორ გაწამდნენ მათი მტრები.
5. როცა შენს ხალხზე მხეცთა საზარელი რისხვა გადმოვიდა და ცბიერ ქვეწარმავალთა ნაკბენებით იხოცებოდნენ, ბოლომდე როდი გაუგრძელე შენი მრისხანება,
6. ჭკუის სასწავლებლად შეძრწუნდნენ მცირე ხნით და ხსნის ნიშანი მიიღეს, რათა შენი რჯულის მცნებები გახსენებოდათ.
7. რადგან მოქცეული გადარჩა არა იმით, რასაც შეჰყურებდა, არამედ შენით, ყოველთა მხსნელო.
8. ამით დაარწმუნე ჩვენი მტრები, რომ შენა ხარ მხსნელი ყოველივე ბოროტისაგან.
9. ისინი კალიებისა და კელების ნაკბენებით დაიხოცნენ და არსად იყო მათი განკურნება, რადგან ღირსნი იყვნენ მათგან წამებისა.
10. შენი შვილები კი ვერც გესლიანი გველების კბილებმა დასძლიეს, რადგან მათ შესაწევად გადმოვიდა შენი წყალობა და განკურნა ისინი.
11. ისინიც დაიგესლნენ, რომ შენი სიტყვები გახსენებოდათ, და განიკურნენ, რათა, შენს წყალობას მოკლებულნი, დავიწყების უფსკრულში არ ჩავარდნილიყვნენ.
12. ვერც ბალახმა და ვერც სალბუნებმა ვერ განკურნეს ისინი, არამედ შენი სიტყვაა, უფალო, ყველას რომ კურნავს.
13. რადგან სიცოცხლეზეც და სიკვდილზეც შენა გაქვს ხელმწიფება; შენ ჩაიყვან ჯოჯოხეთის ბჭეებამდე და შენვე ამოიყვან.
14. ადამიანი თავისი სიბოროტით კლავს, მაგრამ არ ძალუძს არც ამომხდარი სულის ჩაბრუნება და არც გამოხსნა ტყვექმნილი სულისა.
15. შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან.
16. რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის ძალით დაისაჯნენ, გაუგონარი წვიმებისა, სეტყვისა და ნიაღვრებისგან დევნილები, და ცეცხლით განადგურდნენ.
17. მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ, ყოველთა დამშრეტელ წყალში ცეცხლი უფრო ძლიერად აღიძრა, რადგან სამყაროც მართალთა შემწეა.
18. ხანდახან ალი მშვიდდებოდა, რათა არ დაეწვა უღვთოთათვის მისეული ცხოველები და ამის მხილველებს სცოდნოდათ, რომ ღვთის სასჯელისგან იდევნებიან.
19. ხოლო ხანდახან წყლის შუაგული ცეცხლზე მეტად გიზგიზებდა, რათა უსამართლო მიწის ქმნილებანი მომსპარიყვნენ.
20. ნაცვლად ამისა შენს ხალხს ანგელოზთა საზრდელით კვებავდი და ზეციდან უშრომლად უგზავნიდი გამზადებულ პურს, ყოვლად საამოს და ყველას გემოვნების შესაფერისს.
21. შენი სიტკბო შვილების მიმართ შენი საზრდელის თვისებამ გამოაჩინა; მჭამელთა მადის დასაკმაყოფილებლად გემოს იცვლიდა, ვის როგორ ერჩივნა, იმის მიხედვით.
22. თოვლმა და ყინულმა ცეცხლს გაუძლო და არ დამდნარა, რათა შეეცნოთ, რომ მტერთა ნაყოფები სეტყვაში მოგიზგიზე და თავსხმაში გაკვესებულმა ცეცხლმა შემუსრა.
23. მაგრამ იმავე ცეცხლმა თავისი ძალა დაივიწყა, რათა მართალნი დანაყრებულიყვნენ.
24. რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს, გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის საყოფად.
25. ამიტომ მაშინაც, ყოველმხრივ სახეშეცვლილი, შენს ყოველთა გამომზრდელ მადლს ემსახურებოდა გაჭირვებულთა სურვილის მიხედვით,
26. რათა სცოდნოდათ შენს შვილებს, რომელნიც შეიყვარე, უფალო, რომ ნაყოფები კი არ კვებავს ადამიანს, არამედ შენი სიტყვა იცავს შენს მორწმუნეთ;
27. რადგან, რასაც ცეცხლი ვერ მუსრავს, მაშინვე დნება, როგორც კი მზის სუსტი სხივი გაათბობს,
28. რათა ყველამ იცოდეს, რომ მზეს უნდა დაასწრონ შენი მადლისგება და ნათლის აღმოსავლეთისკენ თაყვანიგცენ.
29. რადგან ზამთრის ჭირხლივით დადნება უმადურის სასოება და უსარგებლო წყალივით დაიღვრება.