1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა!
2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე!
3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება - უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,
4. რადგან მისი სამეფოს მსახურნი იყავით და მართლად არ განსაჯეთ, არც რჯული დაიცავით და არც ღვთის ნებისაებრ წარემართეთ.
5. ზარდამცემად და მეყსეულად გამოგეცხადებათ, რადგან აღზევებულთა მსჯავრი მკაცრი იქნება.
6. ბეჩავი კაცი შეწყალების ღირსია, მძლავრნი კი მძლავრობით ეწამებიან.
7. რადგან სახეს არ მოარიდებს მათ ყოველთა მეუფე და არც მათ სიდიადეს შეუშინდება, რადგან მცირეცა და დიდიც მისი შექმნილია და ერთნაირად იზრახავს ყველასათვის.
8. ძლიერებს კი მკაცრი ელოდებათ განკითხვა.
9. ასე, რომ თქვენთვისაა, ჰოი, ხელმწიფევ, ჩემი სიტყვები, რათა ისწავლოთ სიბრძნე და არ შეცდეთ.
10. რადგან სიწმიდეთა სიწმიდით შემნახველნი განიწმიდებიან და გამართლებას იპოვიან მასში განსწავლულნი.
11. მაშ, დაეწაფეთ ჩემს სიტყვებს, შეიყვარეთ და განისწავლენით.
12. შუქმფენი და უჭკნობია სიბრძნე, მის მოყვარულთაგან ადვილგანსაჭვრეტი და იპოვნიან მას მისი მძებნელნი.
13. წინასწარ ეცხადება მისი შეცნობის მოწადინეთ.
14. დილაადრიანად მისი მძებნელი არ დაიღლება, რადგან თავის კართან იპოვის ჩამომჯდარს.
15. მისი შემეცნების სურვილი გონების სრულქმნაა და ვინც მისთვის ფხიზლობს, საზრუნავთაგან თავს სწრაფად დაიხსნის.
16. რადგან თავადვე ეძებს თავის ღირსებას, გზებზე მოწყალედ ეცხადება და ყოველი ფიქრისას წინ ეგებება.
17. მისი დასაბამი სწავლის ჭეშმარიტი სურვილია, ხოლო სწავლაზე ზრუნვა მისი სიყვარულია;
18. სიყვარული კი მისი კანონების დაცვაა და კანონთა დაცვა უკვდავების საწინდარია.
19. და უკვდავება ხომ ღმერთთან გვაახლოებს.
20. ამიტომაც სიბრძნის წყურვილი მეფობამდე გვამაღლებს.
21. ამიტომ, ტახტითა და სკიპტრით რომ ხარობთ, ხალხთა მბრძანებელნო, პატივი მიაგეთ სიბრძნეს, რათა საუკუნოდ იმეუფოთ.
22. ხოლო რა არის სიბრძნე და როგორ იშვა, გამოგიცხადებთ და არ დაგიმალავთ საიდუმლოებებს, არამედ მოვძებნი მის კვალს შესაქმის დასაბამიდანვე, ნათელს მოვფენ მის შემეცნებას და ჭეშმარიტებას გვერდს არ ავუვლი.
23. არც შურით ჩამომდნართან ერთად ვივლი, რადგან შურიანი ვერ ეზიარება სიბრძნეს.
24. ბრძენთა სიმრავლე სოფლის ხსნაა და გონიერი მეფე - ხალხის სიმტკიცე.
25. ამგვარად, განისწავლეთ ჩემი სიტყვებით და მარგებელი იქნება თქვენთვის.