1. ძლიერად განიფინება იგი კიდით კიდემდე და ყოველივეს სიკეთით განაგებს.
2. ჩემი ყრმობიდანვე მიყვარდა იგი და ვეძიებდი, და მოვიწადინე ჩემს სარძლოდ მომეყვანა, და მისი მშვენების ტრფიალი შევიქენი.
3. თავის კეთილშობილებას განადიდებს ღმერთთან ყოფნით და ყოველთა მეუფემაც შეიყვარა იგი.
4. იგი ღვთის ცოდნის მესაიდუმლეა და მისთა საქმეთა თანაზიარი.
5. თუკი სიმდიდრე სასურველი მონაგებია ცხოვრებისა, რა უნდა იყოს სიბრძნეზე უმდიდრესი, რომელიც ყველაფერს ქმნის?
6. თუ გონება ძალმოსილია, არსებულთაგან ვინღაა მასზე უკეთესი ხელოვანი?
7. და თუ ვინმეს სამართლიანობა უყვარს, მისი შრომა სიქველეა, რადგან კეთილგონიერებასა და ჭკუას, სამართლიანობასა და მხნეობას ასწავლის; ამათზე სასარგებლო კი კაცთათვის ცხოვრებაში არაფერია.
8. თუ ვინმე დიდ გამოცდილებას ესწრაფის, იცის მომხდარიც და ჭვრეტს მოსავალსაც, მან უწყის სიტყვათა საქცევნი და იგავთა ახსნანი, ნიშებსა და სასწაულებს წინასწარ იტყობს, ჟამთა და დროთა შედეგებსაც.
9. ამიტომაც განვსაჯე, მომეყვანა იგი ჩემთან საცხოვრებლად, რადგან ვიცოდი, მეყოლებოდა კეთილ მრჩევლად და ნუგეშად ზრუნვასა და მწუხარებაში.
10. მისით მექნებოდა დიდება ხალხში და ჭაბუკს - პატივი უხუცესთა წინაშე.
11. სამსჯავროში გამჭრიახი აღმოვჩნდებოდი და ძლიერთა თვალში გასაკვირველი.
12. დავდუმდებოდი და დამელოდებოდნენ, ამეტყველებულს კი მომისმენდნენ; და თუ საუბარს გავაგრძელებდი, ხელი პირზე ექნებოდათ მიდებული;
13. მისით მივაღწევდი უკვდავებას და საუკუნო სახსენებელს დავუტოვებდი ჩემს შთამომავლობას;
14. ხალხთა განმგებელი შევიქნებოდი და ერები დამემორჩილებოდნენ;
15. დაფრთხებოდნენ ჩემს გაგონებაზე სასტიკი ტირანები; ხალხში კეთილი გამოვჩნდებოდი, ომში კი - მამაცი.
16. შინ შესული მისით დავისვენებდი, რადგან მასთან ზიარებას არ მოსდევს სიმწარე და არც ტანჯვა მასთან ცხოვრებას, არამედ შვება და სიხარული.
17. ამას ვიზრახავდი ჩემთვის და, როცა მივხვდი ჩემს გულში, რომ უკვდავებაა სიბრძნესთან წილნაყარობა,
18. მასთან მოყვრობა - ნეტარება და მის ხელთა ნაშრომი - მოუკლებელი სიმდიდრე, მასთან საუბარი გონიერება და მის სიტყვებთან ზიარება - სახელის მოხვეჭა; დავდიოდი და ვეძებდი, როგორ შემეძინა იგი.
19. ნიჭმომადლებული ყმაწვილი ვიყავი და წილად მხვდა კეთილი სულიც;
20. უფრო კი, სიკეთის გამო იყო, უბიწო სხეულში რომ შევედი.
21. მივხვდი, თუ ღმერთი არ მომცემდა, სხვა გზით მას ვერ მოვიხვეჭდი, - და რომ უკვე სიბრძნე იყო იმის შეგნება, თუ ვისგან იყო ეს ნიჭი, - მივმართე უფალს. შევევედრე და მთელი ჩემი გულით ვუთხარი: