1. იარეს და მიუახლოვდნენ ნინევეს. უთხრა ტობიას რაფაელმა:
2. ხომ იცი, ძმაო, რა დღეში დატოვე მამაშენი?
3. გავუსწროთ წინ შენს ცოლს და შევამზადოთ შინაურები.
4. გეჭიროს ხელში თევზის ნაღველი. წავიდნენ და ძაღლიც მისდევდათ უკან.
5. ხანა კი იჯდა და გაჰყურებდა გზას შვილის მოლოდინში.
6. იგრძნო მისი მოახლოება და უთხრა მის მამას: აჰა, მოდის შენი შვილი და კაცი მოჰყვება თან.
7. თქვა რაფაელმა: ვიცი, დღეს აეხილება თვალები მამაშენს.
8. წაუსვი ნაღველი თვალებზე და როცა შეაწუხებს, მოიხოკავს და მოსცილდება ლიბრი და დაგინახავს.
9. სირბილით მიეგება ხანა, მოეხვია ყელზე თავის შვილს და უთხრა: რაკი გიხილე, შვილო, ახლა თუნდაც მოვკვდე. და ატირდნენ ორივენი.
10. ტობითი მოადგა კარს და წაბორძიკდა, ხოლო შვილმა მიირბინა მასთან.
11. წამოაყენა მამა და დააწვეთა ნაღველი თვალებზე და უთხრა: გამხნევდი, მამაჩემო.
12. აეწვა თვალები და მოიხოკა თუ არა, მოსცილდა გუგებს ლიბრი.
13. როგორც კი დაინახა თავისი ძე, მოეხვია ყელზე და ატირდა, და თქვა:
14. კურთხეულ ხარ, ღმერთო, კურთხეულია სახელი შენი უკუნისამდე, კურთხეულ არიან შენი წმიდა ანგელოზები, რადგან შემაჭირვეს და შემიწყალეს მე. აჰა, ვხედავ ტობიას, ჩემს ძეს.
15. შევიდა მათი ძე გახარებული და აუწყა მამამისს საკვირველი ამბები, რაც მიდიაში გადახდა.
16. გამოვიდა ტობითი თავის რძლის დასახვედრად ნინევის კარიბჭესთან, გახარებული და ღვთის განმადიდებელი, და უკვირდა ყველას მის დამნახველს, თვალხილული რომ მოდიოდა გზაზე. აღიარა ტობითმა მათ წინაშე, რომ შეიწყალა იგი ღმერთმა.
17. რომ მიუახლოედა სარას, თავის რძალს, უთხრა: მშვიდობით მოგვიხველ, ასულო. კურთხეულია ღმერთი, რომელმაც მოგიყვანა ჩვენთან, კურთხეულ იყვნენ მამაშენი და დედაშენი.
18. მაშინ მიეცა დიდი სიხარული ნინევეს ყველა მკვიდრს, ტობითის მოძმეებს.
19. მოვიდნენ აქიაქაროსი და ნასბასი, მისი ძმისწული, და შვიდ დღეს ზეიმობდნენ სიხარულით ტობიას ქორწილს.