ძველი აღთქმა

ტობითი

თავი მეთორმეტე

1. მოუხმო ტობითმა ტობიას, თავის ძეს, და უთხრა: გადაუხადე შვილო გასამრჯელო შენს მეგზურს, ზედმეტიც ეკუთვნის.

2. მიუგო: მამაჩემო, არ ვიზარალებ, იმის ნახევარიც რომ გადავუხადო, რაც მივიღე.

3. აკი მშვიდობით მომიყვანა შენთან, ცოლიც განმიკურნა, ვერცხლიც მომიტანა და შენც განგკურნა.

4. თქვა მოხუცმა: ღირსია.

5. მოუხმო ანგელოზს და უთხრა: აიღე გასამრჯელოდ ნახევარი ყოველივე იმისა, რაც მოიტანეთ და წადი მშვიდობით.

6. მაშინ მოუხმო ანგელოზმა ორივეს ფარულად და უთხრა: აკურთხევდეთ ღმერთს და აღიარებდეთ მას, ადიდებდეთ და აღიარებდეთ ყოველი არსების წინაშე, რომელიც კი თქვენთან ერთად შეუქმნია. კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმეები და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს.

7. კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა გამოცხადება დიდებით ხამს. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგაგნებთ თქვენ.

8. სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებით და სამართლიანობით. სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება.

9. მოწყალება ხომ სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და განწმედს ყოველგვარი ცოდვისგან. მოწყალების გამღებნი და სიმართლის მყოფელნი სიცოცხლით აღივსებიან,

10. ხოლო ცოდვილნი თავისი თავის მტრები არიან.

11. არაფერს დაგიმალავთ, აკი ვთქვი: კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა განცხადება დიდებით ხამს.

12. რომ ლოცულობდით შენ და შენი რძალი სარა, მე აღვავლინე თქვენს ლოცვებზე შეხსენება წმიდის წინაშე. როცა მარხავდი მკვდრებს, მაშინაც შენი თანამდგომი ვიყავი.

13. რომ არ დაიზარე, ადექი და მიატოვე შენი სუფრა, რათა წასულიყავი მიცვალებულის გასაპატიოსნებლად, არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, არამედ მეც შენთან ვიყავი.

14. ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის სარას განსაკურნავად.

15. მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე.

16. შეძრწუნდნენ ორივენი და ქვედაემხნენ, რადგან შეიპყრო ისინი შიშმა.

17. უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთს უკუნისამდე.

18. რადგან ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდეთ მას უკუნისამდე.

19. ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით.

20. ახლა კი, მადლობდეთ ღმერთს, რადგან ავდივარ მასთან, ვინც მომავლინა. წიგნში ჩაწერეთ ყოველივე, რაც გადაგხდათ.

21. ადგნენ და მეტად აღარ უხილავთ იგი.

22. აღიარებდნენ ღვთის საქმეს, დიადს და საოცარს, თუ როგორ გამოეცხადა მათ უფლის ანგელოზი.