ძველი აღთქმა

ტობითი

თავი მესამე

1. დამწუხრებული ვტიროდი და სევდიანად ვლოცულობდი, ვამბობდი:

2. მართალი ხარ, უფალო, და ყოველი შენი საქმე და ყოველი შენი გზა მოწყალებაა და ჭეშმარიტება; ჭეშმარიტი და მართალი სამართლით სჯი უკუნისამდე.

3. გამიხსენე მე და მომხედე! ნუ დამსჯი ჩემი ცოდვებისათვის და ჩემი მამა-პაპის უგნურებისათვის, რითაც კი შეგცოდეს,

4. ყურად რომ არ იღეს შენი მცნებანი, რომ მიგვცეს საძარცვავად, დასატყვევებლად და სასიკვდილოდ, საიგავოდ გაგვხადეს ხალხების პირში, რომელთა შორისაც განბნეულნი ვართ.

5. ახლა კი ღირსი ვარ ყოველი შენი სასჯელისა, რომ მომაგო ჩემი და ჩემი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, რადგან არ დავიცავით შენი მცნებები და არ გვივლია სიმართლით შენს წინაშე.

6. ახლა კი შენი ნებისაებრ განმსაჯე მე: ბრძანე ჩემი სულის ამოხდა, რათა აღვესრულო და მიწად ვიქცე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს, რადგან მოვისმინე უსამართლო საყვედური და დიდია ჩემი მწუხარება. ბრძანე, რომ განვთავისუფლდე ამ ბედისწერისაგან საუკუნო ადგილას. ნუ იბრუნებ პირს ჩემგან.

7. იმავე დღეს შეხვდა საყვედურები მამამისის მხევალთაგან მიდიის ეკბატანაში რაღუელის ასულსაც, სარას.

8. შვიდ ქმარს იყო იგი მიცემული. ხოლო ასმოდავსი, ბოროტი სული ხოცავდა მათ, ვიდრე დაიმკვიდრებდნენ მას ცოლად. ეუბნებოდნენ მას: ვერა ხვდები, რომ ღუპავ შენს ქმრებს? უკვე შვიდი გყავდა და მათგან ერთის სახელითაც ვერ იწოდეო.

9. ჩვენ რაღაზე გვტანჯავ? რაკი ისინი დაიხოცნენ. შენც მათ მიჰყევი, ნურასოდეს გვენახოსო შენი ძე ან ასული.

10. ეს რომ მოისმინა, ძლიერ დამწუხრდა. თავის ჩამოხრჩობა მოინდომა, მაგრამ იფიქრა: ერთადერთი ვყავარ მამაჩემს, ეს რომ ჩავიდინო, საყვედურებლად ექნება მას და სიბერე ჯოჯოხეთურ სატანჯველად გადაექცევაო.

11. მივიდა სარკმელთან და თქვა: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ჩემო, და კურთხეულია წმინდა სახელი შენი და დიდებით მოსილია უკუნისამდე. გაკურთხევდეს შენ ყოველი საქმე შენი უკუნისამდე.

12. ახლა, უფალო, შენდამი მომიპყრია თვალნი ჩემნი და პირი ჩემი.

13. გთხოვ დამიხსნა ამ წუთისოფლიდან, მეტად რომ აღარ ვისმენდე ამ საყვედურებს.

14. შენ უწყი, უფალო, რომ უბიწო ვარ კაცის ყველანაირ ცოდვისაგან.

15. არ წამიბილწავს სახელი ჩემი და არც სახელი მამაჩემისა. ჩემი ტყვეობის ქვეყანაში მხოლოდშობილი ვყავარ მამაჩემს და არა ჰყავს მას ვაჟიშვილი, რომ მისი მემკვიდრე იყოს. არც ძმა ჰყავს ახლობელი, არც ძმისწული, ცოლად რომ შევუნახო თავი. უკვე შვიდი ქმარი დამეღუპა. რაღასთვის ვიცოცხლო? და თუ არ მიმეტებ სასიკვდილოდ, მომხედე და შემიწყალე, რომ მეტად აღარ ვისმენდე საყვედურებს.

16. შეწყნარებულ იქნა ორივეს ლოცვა ღვთის დიდების წინაშე და გაიგზავნა რაფაელი ორივეს განსაკურნავად, რათა აეხადა ლიბრი ტობითისათვის და მიეცა სარა, რაღუელის ასული, ტობიასათვის, ტობითის ძისთვის, და შეეკრა ასმოდავსი, ბოროტი სული, რადგან ტობიას უნდა ხვდომოდა წილად სარას დამკვიდრება. ერთსა და იმავე დროს იყო, რომ შემოვიდა თავის სახლში უკან მობრუნებული ტობითი და ჩამოვიდა თავისი ზემოთვალიდან რაღუელის ასული სარა.